რიკ დაემსი - ტინი კოქსის განცხადებები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას ასახავს, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან
რიკ დაემსი - ტინი კოქსის განცხადებები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას ასახავს, მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო ბრალდებებისგან

ვწუხვარ საქართველოს ზოგიერთი პოლიტიკური წარმომადგენლის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარის პიროვნულ ჩართულობაზე უსაფუძვლო შეტევების გამო, რომელიც აქ არჩევნებს აკვირდებოდა, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, რიკ დაემსმა.

„მისი განცხადებები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის პოზიციას ასახავს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მივიღეთ. მართალია ყველას აქვს უფლება არ დაეთანხმოს ჩვენს აღმოჩენებს და შეჯამებებს, მაგრამ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ჩართულობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დადგეს. ამიტომ მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ პოლიტიკურ მხარეს, თავი შეიკავონ ასეთი უსაფუძვლო ბრალდებებისგან“, – აცხადებს რიკ დაემსი.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სააკაშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელ ტინი კოქსს რუსეთის აგენტი უწოდა. ასევე, „ლელოს“ წევრმა, ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ ის კოქსთან მიმართებით ამ შეფასებას ეთანხმება.

ევროსაბჭოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი, დეპუტატი ტინი კოქსი საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციის ნაწილის მიერ მის მიმართ ბრალდებები მას შემდეგ გაჟღერდა, რაც კოქსმა განაცხადა, რომ „მისალოცია არჩევნების მშვიდობიანად გამართვა, რაც ყოველთვის არ ხდება“.

ამასთან, მისივე თქმით, კენჭისყრისა და მომდევნო დღეებში გამართული დემონსტრაციები არ არის მომწიფებული დემოკრატიისა და იმის ნიშანი, რომ პატივს სცემ ამომრჩევლის გადაწყვეტილებას.

დატოვე კომენტარი