რეზო როგავას გადამწყვეტი სამქულიანი ბოლო წუთზე - „ტარგუ ჟიუმ“ „ნეპტუნს“ სძლია (ვიდეო)
რუმინეთის ჩემპიონატში მეორე მატჩი მოიგო რეზო როგავას „ტარგუ ჟიუმ“. მან „ნეპტუნს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 82:80 დაამარცხა.
რომ არა რეზო როგავას სიზუსტე, ტარგუელებს მოგება გაუჭირდებოდათ. ანგარიშზე 77:80 რეზომ კუთხიდან სამქულიანი ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. ეს მოხდა მატჩის დასრულებამდე 27 წამით ადრე.
დარჩენილ დროში რეზოს თანაგუნდელმა მაკლეინმა ორი საჯარიმო გამოიყენა და მასპინძლებს გამარჯვება მოუტანა.
როგავას სრული სტატისტიკა ასეთი იყო: 38 წუთი, 11 ქულა, 4 მოხსნა, 5 პასი, 3 ჩაჭრა, 2 დაფარება. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი პატრიკ ალენი გახდა. მან 29 ქულას მოუყარა თავი.