რევაზ დავითაძის ბრინჯაო და ორი რეკორდი მსოფლიოს ჩემპიონატიდან [ვიდეო]
აშხაბადში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი რევაზ დავითაძემ მოუტანა.
ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, 20 წლის ქართველმა ძალოსანმა, ატაცში 168, აკვრაში კი 203 კილოგრამი დაძლია და ორჭიდის ჯამში დაგროვებული 371 კილოგრამით მესამე ადგილი დაიკავა. ასეთივე შედეგი ჰქონდა ვერცხლის მედალოსან ბელორუს პაველ ხადარევიჩს, რომელმაც დავითაძეს დამატებითი კომპონენტის ხარჯზე (აღნიშნული წონა პირველმა დააფიქსირა) აჯობა და ვერცხლის მედალს დაეუფლა, ჩემპიონი კი რუსი არტიომ ოხულოვი გახდა.
ატაცში დამყარებული იუნიორთა მსოფლიოს რეკორდისა და დაკავებული მეოთხე ადგილის შემდეგ დავითაძემ აკვრაში სამიდან ორი ცდა გამოიყენა და ამ დისციპლინაში დროებით იუნიორთა რეკორდიც დაამყარა (რამდენიმე წუთში ის ვენესუელელმა ჯიოვანი ბალენილა სანჩესმა გააუმჯობესა) და მეხუთე ადგილზე გავიდა. პირველ ცდაზე დავითაძემ თავიდან შეკვეთილი 192 კგ. 194 კგ.-ით შეცვალა, მაგრამ მცდელობა წარუმატებელი გამოდგა.
იგივე წონა უკვე რევაზ დავითაძემ მეორე ცდაზე დაძლია. მესამეზე კი ძელს ერთბაშად ცხრა კილოგრამი დაემატა, რაც იუნიორთა, როგორც აკვრის, ასევე ორჭიდის რეკორდიც გამოდიოდა. გადაწყვეტილებამ ამ შემთხვევაშიც გაამართლა, რამაც საბოლოოდ რევაზ დავითაძეს იუნიორთა ორი რეკორდი (ატაცი-168 და ორჭიდი-371 კგ.) და ბრინჯაოს მედალი მოუპოვა.