20 წლის ქართველმა ძალოსანმა თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ატაცში 168 კგ ასწია, რაც საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესებული სტანდარტით, იუნიორთა შორის ახალი მსოფლიო რეკორდია.
დავითაძემ პირველ ცდაზე 163კილოგრამი დასძლია, მეორეზე 167 ანუ იუნიორთა მსოფლიოს რეკორდს შეეჭიდა მაგრამ მცდელობა წარუმატებელი გამოდგა. მიხედავად ამისა სამწვრთნელო შტაბმა მესამე ცდაზე კიდევ ერთი კილოგრამი დაუმატა, რამაც საბოლოოდ გაამრთლა. დავითაძემ წონა დაიმორჩილა და იუნიორთა შორის მსოფლიოს რეკორდის ავტორიც გახდა.
მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე კი საქართველოს ნაკრების პირველ მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. 167 კილოგრამით, რეზომ ატაცში მეოთხე ადგილი დაიკავა. ოქროს მედალს ამ დისციპლინაში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი, ჩილელი ერლი პერეს მენდესი დაუფლა. შეგახსენებთ რომ IWF-მა, თურქმენეთში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, წონითი კატეგორიები ათამდე გაზარდა. შესაბამისად, ტურნირი 89 კილოგრამში პირველად ტარდება და ამ წონაში რეკორდის დასამყარებლად, ფედერაციის მიერ დადგენილ სტანდარტზე – 166 კილოგრამზე მეტის დაძლევა იყო საჭირო. იუნიორთა შორის აკვრაში რეკორდის დამყარება 201 კილოგრამის დაძლევითაა შესაძლებელი. რაც შეეხება „სენიორთა“ ანუ ნებისმიერი ასაკის მსოფლიოს რეკორდს, მის დასამყარებლად სპორტსმენებს შესაბამისად 179/216/387 კილოგრამიანი ზღვარის გადალახვა მოუწევთ.
საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბს ევროპის მოქმედი ჩემპიონის, რევაზ დავითაძისთვის, აკვრაში პირველ მისვლაზე 192 კილოგრამი აქვს შეკვეთილი. აკვრაში შეჯიბრი რამდენიმე წუთში დაიწყება.