თურქმენეთში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე დღეს მედლები მამაკაცთა შორის 89 კილოგრამ წონით კატეგორიაში თამაშდება.
საქართველოს ღირსებას ამ წონაში რევაზ დავითაძე დაიცავს. ევროპის მოქმედი ჩემპიონი ქართველი ძალოსანი „ა“ ჯგუფში, ანუ უძლიერესთა შორის მოხვდა და მედლებისთვის ბრძოლაში თბილისის დროით 18:55-ზე ჩაერთვება. ამ წონაში თავი სულ 30-მა სპორტსმენმა მოიყარა, რომლებიც სამ ჯგუფში გადანაწილდნენ.
„ბ“ და „ც“ ჯგუფებში საუკეთესოები უკვე გამოვლინდნენ და ორჭიდის ჯამში ჯერჯერობით „ბ“ ჯგუფის წარმომადგენელი, კოლუმბიელი სანტიაგო როდალეგა კარვხალი ლიდერობს, რომელმაც ჯამში 370 კილოგრამი დასძლია. კოლუმბიელი ორივე დისციპლინაში უძლიერესი იყო. მან 167 კილოგრამი აიტაცა, აკვრაში კი 203 კილოგრამი დასძლია.
დღეს საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით დავითაძე ატაცში ასპარეზობას მეტოქეებთან შედარებით ყველაზე მეტი – 163 კილოგრამით დაიწყებს, აკვრაში კი პირველ ცდაზე 192 კილოგრამის აწევას შეეცდება.
20 წლის დავითაძის პირადი რეკორდი ჯერჯერობით ორჭიდის ჯამში 361 კილოგრამია (165/196). შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ანაჰაიმში, მან 351 კილოგრამი ( 160/191) მოაგროვა და მეხუთე ადგილზე გავიდა. მაშინ ჩემპიონი ჩილელი ერლი მენდეს პერესი გახდა, რომლმაც ჯამში 378 კილოგრამი დააფიქსირა. ეს ყველაფერი 85 კილოგრამ წონით კატეგორიაში ხდებოდა.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებით, დღეს ეს წონითი კატეგორია აღარ არსებობს. 89 კილოგრამში კი შეჯიბრი პირველად ტარდება და შესაბამისად არ არსებობს მსოფლიოს რეკორდებიც. IWF-ის გადაწყვეტილებით რეკორდის ზღვარი გამოითვალა და სტანდარტები დადგინდა. მიმდინარე ტურნირზე, ამ წონაში მსოფლიოს რეკორდის დასამყარებლად, სპორტსმენებს ატაცში 180, აკვრაში 217, ორჭიდში კი 388 კილოგრამის დაძლევა მოუწევთ.