რექს ტილერსონი - რუსეთთან გვაქვს დიალოგი, მაგრამ ერთი შეხვედრით პრობლემები ვერ გადაწყდება
რექს ტილერსონი - რუსეთთან გვაქვს დიალოგი, მაგრამ ერთი შეხვედრით პრობლემები ვერ გადაწყდება

გვაქვს დიალოგი, მაგრამ ერთი შეხვედრით ჩვენს შორის არსებული პრობლემები ვერ გადაწყდება,- განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის შემდეგ.

რექს ტილერსონი ლავროვს ეუთო-ს მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა. მათ უკრაინაზე, სირიაზე, ჩრდილოეთ კორეასა და ტრამპის მიერ ისრაელის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ისაუბრეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მხარეებმა სირიაში სამოქალაქო კონფლიქტის დასასრულებლად აუცილებელი ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს.

ლავროვთან შეხვედრას წინ უძღოდა რექს ტილერსონის კრიტიკული განცხადებები ბრიუსელსა და ვენაში. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად რუსეთთან ურთიერთობები განიხილა.

ნატოს-თვის მიუღებელია რუსეთის მიერ მეზობელი სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობის შელახვა , საერთაშორისო ნორმების იგნორირება და აღებული ვალდებულელების უპატივცემულობა.

ავსტრიაში ჩასვლამდე ტილერსონმა ბრიუსელში განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები მიუღებელია, აშშ სანქციების მოხსნას არ აპირებს და რუსეთთან ურთიერთობები ძველ კალაპოტს არ დაუბრუნდება მანამდე, ვიდრე მინსკის შეთანხმება არ შესრულდება.

უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის გადაჭრის გარეშე, შეერთებული შტატები რუსეთის ფედერაციასთან პარტნიორულ ურთიერთობებს არ აპირებს – საკმაოდ მკაცრი იყო რუსეთის მისამართით ტილერსონის ტონი ვენაშიც.

„ჩვენ არასდროს შევეგუებით რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციას და ანექსიას”,- განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სიტყვით გამოსვლის დროს. ტილერსონმა ეუთო-ს სხდომაზეც მკაფიოდ განმარტა სანქციების გაუქმების წინაპირობაც.

„სანქციები ძალაში იქნება იმ მომენტამდე, ვიდრე რუსეთის ყირიმზე და სევასტოპოლზე განხორციელებულ სრულ კონტროლს არ დათმობს აღმოსავლეთ უკრაინაში.

ჩვენ ევროპელ კოლეგებს შევუერთდით და სანქციები იმოქმედებს მინსკის შეთანხმების სრულად შესრულებამდე, რუსეთის მიერ დონეცკიდან და ლუგანსკიდან შეიარაღებული ძალების გაყვანამდე”,- განაცხადა ვენაში მყოფმა რექს ტილერსონმა.

აშშ-სა და რუსეთს განსხვავებული პოზიციები აქვთ გაეროს სამშვიდობო ძალების მანდატზეც. რუსულ მხარეს სურს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში, გაეროს მისიას ეუთო-ს მონიტორების დაცვა შეეძლოს. შეერთებული შტატების ხელისუფლების აზრით კი, გაერო-ს მისიამ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტული ძალების განიარაღება უნდა შეძლოს.

45 წუთიანი შეხვედრის შემდეგ, მხარეებმა კომუნიკაციის გაგრძელების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი. იმ დიალოგის შენარჩუნებას, რომელსაც ჯერ შედეგი არ აქვს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა ჯერ ბრიუსელში, შემდეგ კი ვენაში გამოხატა აშშ-ის ადმინისტრაციის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.

ბრიუსელში გამართულ ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში ტილერსონი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.

ასევე, რექს ტილერსონმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში კონფლიქტების დასასრულებლად, პროგრესი უნდა იყოს მიღწეული.