ტილერსონი - უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში კონფლიქტების დასასრულებლად
ტილერსონი - უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოში, მოლდოვასა და ყარაბაღში კონფლიქტების დასასრულებლად

ჩვენ უნდა დავგმოთ რუსეთის ძალისხმევა, ხელი შეუშალოს საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში წვდომას, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ტილერსონმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის დაშვების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და მოლდოვის საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს გამოეხმაურა.

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოში, მოლდოვასა და მთიან ყარაბაღში გრძელვადიანი კონფლიქტების დასასრულებლად. მხარს ვუჭერთ მინსკის ჯგუფის მცდელობას პრობლემის გადასაჭრელად. მოხარულები ვართ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების მიერ ოქტომბრის სამიტზე აღებული ვალდებულებებით, მოლაპარაკებების გაძლიერებისა და კონფლიქტის ხაზის გასწვრივ დაძაბულობის შესამცირებლად. მივესალმებით 5+2 მოლაპარაკებებს მოლდოვას საკითხზე. თუმცა, ჩვენ უნდა დავგმოთ რუსეთის ძალისხმევა, ხელი შეუშალოს საქართველოს რეგიონებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში წვდომას“, – აღნიშნა რექს ტილერსონმა.

შეგახსენებთ, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის დაშვებას ვეტო დაადო. ეუთო ვერ ახორციელებს სრულფასოვან ფუნქციას და მას არ აქვს წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

რაც შეეხება მოლდოვის საკითხს, 5+2 ფორმატით შეხვედრები 2005 წლის შემდეგ იმართება. ჯგუფში შედიან დნესტრისპირეთი, მოლდოვა, რუსეთი, უკრაინა, ეუთო, ევროკავშირი და დამკვირვებლები აშშ-დან.