რექს ტილერსონის ექსკლუზიური კომენტარი პირველ არხთან - აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა პირველ არხთან ექსკლუზიური კომენტარი გააკეთა.

რექს ტილერსონმა კიდევ ერთხელ ისაუბრა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივაზე და ხაზი გაუსვა საქართველოსადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.

„აშშ-ი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატო-ში წევრობას. ველოდებით ყველა საფეხურის გავლას, რათა ეს მოხდეს“, – აღნიშნა რექს ტილერსონმა ვენაში, პირველ არხთან ექსკლუზიურ კომენტარში.

გუშინ, ბრიუსელში გამართულ ნატო-ს მინისტერიალის ფარგლებში რექს ტილერსონი საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა. შეხვედრაზე სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლი ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების მისწრაფებას ძლიერ მიესალმება.

ვენაში ეუთო-ს მინისტერიალი იმართება, რომელშიც საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძეც მონაწილეობს.