რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ჯამალ ხაშოგის მკვლელობის აუდიოჩანაწერმა საუდის არაბეთის დაზვერვის ოფიცერი აღაშფოთა
ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებულმა აუდიოჩანაწერმა საუდის არაებეთის დაზვერვის ოფიცერი შეაშფოთა და შოკში ჩააგდო. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა.
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, პარიზში გამართული ღონისძიების ფარგლებში, საუდელი ჟურნალისტის მკვლელობაზე აშშ-ის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებთან ისაუბრა.
„მკვლელობასთან დაკავშირებული აუდიოჩანაწერი ყველას მოვასმენინეთ, ვისაც მისი მოსმენა სურდა. ჩვენი დაზვერვა არაფერს მალავს. ჩანაწერი ნამდვილად შემაშფოთებელია. როდესაც საუდის არაბეთის დაზვერვის ოფიცერმა ჩანაწერი მოისმინა, შოკში იყო და თქვა, ამ პიროვნებას ჰეროინი უნდა ჰქონდეს მიღებული. მხოლოდ ის გააკეთებს ამას, ვინც ჰეროინს იღებს’“, – აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.
ერდოღანს დამატებით დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა Reuters-ი წერს, რომ თურქეთს რამდენიმე აუდიოჩანაწერი აქვს.
თურქეთის ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა საუდის არაბეთის უმაღლესი ხელმძღვანელობიდან დაუკვეთეს. ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ხელისუფლების კრიტიკით იყო ცნობილი. ჟურნალისტი 2 ოქტომბერს, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის სკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა. მოგვიანებით, თურქეთის ხელისუფლებამ ხაშოგის მკვლელობის ფაქტი დაადასტურა. საუდის არაბეთის საკონსულოში ჟურნალისტის მკვლელობა ელ-რიადშიც აღიარეს.