რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დასავლელმა ელჩებმა ნაბიჯი უკან გადადგეს და განცხადებებში უფრო ფრთხილები იქნებიან
რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დასავლელმა ელჩებმა ნაბიჯი უკან გადადგეს და განცხადებებში უფრო ფრთხილები იქნებიან

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ დასავლელმა ელჩებმა ნაბიჯი უკან გადადგეს და უფრო ფრთხილები იქნებიან თავიანთ განცხადებებში. ამის შესახებ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ელჩების განცხადებები თურქეთისა და მისი სუვერენიტეტის წინააღმდეგ იყო მიმართული, თავად ანკარა კი კრიზისის გამწვავებას არ გეგმავდა. ამავე დღეს, ცოტა ხნით ადრე, ათი დასავლური ქვეყნის საელჩომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის შესაბამისად არ გეგმავენ თურქეთის შიდა საქმეებში ჩარევას.

„დღეს ამავე საელჩოების მიერ გაკეთებული ახალი განცხადებით გადაიდგა ნაბიჯი უკან ჩვენი ქვეყნისა და ერის მიმართ ცილისწამებისგან. მე მჯერა, რომ ეს ელჩები, რომლებმაც განაცხადეს თავიანთი ვალდებულების შესახებ, დაიცვან ვენის კონვენციის 41-ე მუხლი, ანუ არ ჩაერიონ ქვეყნის შიდა საქმეებში, უფრო ფრთხილები იქნებიან თავიანთ განცხადებებში თურქეთის სუვერენულ უფლებებთან დაკავშირებით. ასევე, მსურს, განვაცხადო, რომ ნებისმიერი, ვინც პატივს არ სცემს ჩვენი ქვეყნის სენტიმენტებსა და მის დამოუკიდებლობას, განურჩევლად მისი პოზიციისა, ვერ დარჩება ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ერდოღანმა.

23 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადებდა დასავლური ქვეყნების ელჩებს, რომლებმაც თურქეთის ხელისუფლებას დაპატიმრებული თურქი ბიზნესმენისა და ფილანთროპის, ოსმან კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდეს. ერთობლივი წერილი აშშ-ის, კანადის, ახალი ზელანდიის, გერმანიის, საფრანგეთის, დანიის, ფინეთის, ნიდერლანდების, ნორვეგიისა და შვედეთის ელჩებმა გაავრცელეს. გავრცელებულ განცხადებაში დიპლომატები ანკარას კავალას საქმის სამართლიანი და სწრაფი გადაწყვეტისკენ მოუწოდებდნენ. საელჩოების განცხადებით, ოთხი წლის წინ დაკავებული კავალას საქმე ჩრდილს აყენებს დემოკრატიის პატივისცემას.

ბიზნესმენი ოსმან კავალა თურქეთში ოთხი წლის წინ დააკავეს და მას თავდაპირველად ბრალად ედებოდა 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტებთან და შემდგომ არეულობებთან კავშირი. გასულ წელს მას 2013 წლის მოვლენებთან დაკავშირებული ბრალდებები მოუხსნეს, თუმცა წელს ეს გადაწყვეტილება გაუქმდა და დაკავებულის წინააღმდეგ დაემატა ახალი საქმე, რომელიც 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას უკავშირდება.