რეჯეფ თაიფ ერდოღანი 9 მარტს ბრიუსელს ეწვევა
რეჯეფ თაიფ ერდოღანი 9 მარტს ბრიუსელს ეწვევა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 9 მარტს ბრიუსელში ჩავა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს. ერდოღანის ვიზიტი ბრიუსელში ერთდღიანი იქნება და ის ევროკავშირის გარე საზღვრებზე შექმნილი კრიზისული ვითარების ფონზე შედგება.

მანამდე, ერდოღანი ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, რა დროსაც ორი ქვეყნის ლიდერებმა თურქეთ-ევროკავშირს შორის არსებული მიგრაციული შეთანხმება განიხილეს.

სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ვითარების გამწვავების ფონზე, თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აღარ შეაკავებს ლტოლვილებს, რომლებიც ევროკავშირში გადასვლას ცდილობენ. აღნიშნული განცხადების შემდეგ, საბერძნეთისა და ბულგარეთის საზღვრების მიმართულებით ათობით ათასი მიგრანტი გაემართა. ათენმა და სოფიამ საზღვრების დასაცავად დამატებითი ძალები განათავსეს.