„როიტერი“ – უნგრეთმა ონლაინ საჯარო ბაზაში კომუნისტური ეპოქის ათიათასობით საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებშიც 60 000-მდე პირის სახელი ფიგურირებს
უნგრეთმა ონლაინ საჯარო ბაზაში კომუნისტური ეპოქის ათიათასობით საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, დოკუმენტების გამოქვეყნება საზოგადოებას საშუალებას აძლევს, გაეცნოს ინფორმატორთა ფართო ქსელს, რომელსაც ერთპარტიული მმართველობის ათწლეულების განმავლობაში მოქალაქეებზე თვალთვალისთვის იყენებდნენ.
კომუნისტური რეჟიმის დაცემიდან 36 წელზე მეტი ხნის შემდეგ გადადგმული ეს ნაბიჯი პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის წინასაარჩევნო დაპირების ნაწილია, რომ არქივები საჯარო გახდებოდა.
„ჩვენ ახლა, 36 წლის შემდეგ ვასრულებთ იმას, რასაც რეჟიმის ცვლილებისას დავპირდით“, – განაცხადა მადიარმა ბრიფინგზე. მისივე თქმით, ამ დროისთვის 60 000-მდე პირის სახელი გასაჯაროვდა.
დამატებითი დოკუმენტები 2027 წლის თებერვლამდე აიტვირთება, თუმცა არქივი სრულყოფილი არ არის. დოკუმენტების დიდი ნაწილი 1956 წელს, უნგრეთში ანტისაბჭოთა აჯანყების დროს, ასევე 1988-1989 წლებში განადგურდა.
„ყველას ვთხოვ, დოკუმენტების ამ დიდი ხნის დაგვიანებული გამოქვეყნების პროცესს ღირსეულად და ჰუმანურად მოეკიდოს, რადგან ბევრი ოჯახი ახლა რთული ინფორმაციის წინაშე აღმოჩნდება, რომელიც ხშირად მათი გარდაცვლილი ოჯახის წევრების შესახებ იქნება. ტრავმის გააზრება შეუძლებელია მასზე საუბრისა და კითხვების დასმის გარეშე“, – აღნიშნა მადიარმა.