„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ორმა ტანკერმა, რომლებიც აშშ-სკენ მიემართებოდნენ, კურსი შეცვალა
„ფაინენშელ თაიმსის“ ცნობით, რუსული დიზელის საწვავით დატვირთულმა ორმა ტანკერმა, რომლებიც აშშ-სკენ მიემართებოდნენ, კურსი შეცვალა.
როგორც გამოცემა წერს, რუსული ტანკერი Talisman-ი და ჰონგკონგური კომპანიის საკუთრებაში არსებული, სიერალეონეს დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Leruo დანიშნულების ადგილად აშშ-ის ატლანტის სანაპიროს აღარ უთითებენ. ორივე ტანკერი დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფება.
„ფაინენშელ თაიმსის“ ინფორმაციით, ტანკერმა Leruo-მ დანიშნულების ადგილად ბრაზილია მიუთითა, Talisman-მა კი ატლანტის ოკეანიდან ხმელთაშუა ზღვისკენ აიღო გეზი. ამჟამად ის ალჟირის სანაპიროსთან იმყოფება და სიგნალს „ინსტრუქციას ელოდება“ გადასცემს. გამოცემის განმარტებით, ეს მიუთითებს, რომ ტანკერის ტვირთს ჯერ დადასტურებული მყიდველი არ ჰყავს, ხოლო დანიშნულების პორტი უცნობია.
გამოცემა ასევე წერს, რომ რუსული დიზელით დატვირთული მესამე ტანკერი, ბერძნული კომპანიის საკუთრებაში არსებული Agioi Fanendes-ი, როგორც ჩანს, აშშ-ისკენ სვლას აგრძელებს, თუმცა ისიც სიგნალს „ინსტრუქციას ელოდება“ გადასცემს.
ამასთან, მედიის ცნობით, სეიშელის დროშის ქვეშ მცურავი და სანქციების ქვეშ მყოფი ტანკერი Beast-ი, რომელმაც რუსულ პორტ პრიმორსკში ტვირთი 27 ოქტომბერს აიღო, ასევე აშშ-ისკენ გაემართა. ტანკერი სიგნალ „ატლანტიკას“ გადასცემს, რაც მიუთითებს, რომ მისი დანიშნულების ადგილი აშშ-ის ატლანტის სანაპიროა.
ცნობისთვის, 9 ოქტომბერს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს, რომ რუსული დიზელის საწვავის ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებზე მიწოდებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს.