რეალმა რუსეთში მოიგო, ოლიმპიაკოსი შესაძლოა პლეი-ოფში ვერ გავიდეს
13:10, 15.03.2019
საკალათბურთო ევროლიგის გათამაშების რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. გუშინ 26-ე ტურის ხუთი მატჩი გაიმართა. დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია მადრიდის რეალმა. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ხიმკი გასვლაზე უპრობლემოდ დაამარცხა, ანგარიშით 100-75. ამ მოგებით მადრიდელებმა ოფიციალურად გაინაღდეს პლეი-ოფის საგზური. პაბლო ლასოს გუნდი მესამე პოზიციაზეა და მხოლოდ ცსკა-ს და ფენერბაჰჩეს ჩამორჩება. ხიმკის წინააღმდეგ, 22 ქულით, საუკეთესო ფრანგი გამთამაშებელი ფაბიენ კოზიე იყო. მასპინძლებს ალექსეი შვედმა ულიდერა 21 ქულით. რუსული კლუბი აუტსაიდერთა შორის იმყოფება და მომდევნო ეტაპზე ვეღარ გავა.
საკმაოდ არასტაბილურია ოლიმპიაკოსი. ბერძნული გრანდი ამჯერად მილანში დამარცხდა ანგარიშით 57-66 და შესაძლოა, წელს პლეი-ოფის გარეშე დარჩეს. პირეოსელები ჯერჯერობით მე-7 ადგილზე იმყოფებიან, თუმცა საკუეთესო რვაში მოსახვედრად კიდევ რამდენიმე კლუბი აცხადებს პრეტენზიას. გუშინდელ თამაშში ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა განსაკუთრებული აქცენტი დაცვაზე გააკეთა. მილანელთა შორის მაიკ ჯეიმსი იყო გამორჩეული, რომელიც ბოლო პერიოდში გუნდის უდავო ლიდერად იქცა. ამერიკელმა უკანახაზელმა 27 ქულა გააკეთა. მილანის ოლიმპია ამ მოგების შემდეგ სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში მადრიდის რეალს სტუმრად დაუპირისპირდება. ოლიმპიაკოსის მეტოქე კი მიუნხენის ბაიერნი იქნება. 26-ე ტურის დარჩენილი სამი მატჩი დღეს გაიმართება. გოგა ბითაძის ბუდუჩნოსტი თორნიკე შენგელიას ბასკონიას ვიტორიაში შეხვდება.