„რეალ მადრიდის“ ყოფილი პრეზიდენტი - გარეთ ბეილის ადგილი ტოტენჰემშია
„რეალ მადრიდის“ ყოფილი პრეზიდენტი რამონ კალდერონი აცხადებს, რომ გარეთ ბეილისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა „ტოტენჰემ ჰოტსპურში“ დაბრუნება. გარდა ამისა, ის იმედს გამოთქვამს, რომ მადრიდში დაბრუნებულ ბეილს გულშემატკივრები აგრძნობინებენ, რომ უელსის ნაკრების მიერ ევრო 2020-ის საგზურის მოპოვების შემდეგ მის მიერ გაკეთებული ჟესტი მათთვის შეურაცხმყოფელი იყო.
შეგახსენებთ, რომ უნგრეთის 2-0 დამარცხებით ბრიტანელებმა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდეს, მატჩის შემდეგ კი ბეილმა უელსის დროშა გამოფინა, რომელზეც, სავარაუდოდ, თავისი პრიორიტეტები დააწერა: „უელსი, გოლფი, მადრიდი – ამ თანმიმდევრობით“.
კალდერონი აცხადებს, რომ ბეილის გამოხდომა ბავშვური იყო და რომ ეს თავადაც მშვენივრად იცის.
„ნამდვილად ვიცი, რომ მოურინიოს ბეილი ძალიან მოსწონს. მან ეს ჯერ კიდევ 2017 წელს თქვა, როდესაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ სურდა მისი გადაყვანა, თუმცა „რეალმა“ მაშინ უელსელს კონტრაქტი გაუგრძელა. ახლა მოურინიო „ტოტენჰემის“ მწვრთნელია და იქნებ ეს სულაც არ იყოს ცუდი იდეა“, – ამბობს კალდერონი.