რატი იონათამიშვილი - რაც „რუსთავი 2“-ის ეთერიდან მოვისმინეთ, რისკის შემცველია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის
რატი იონათამიშვილი - რაც „რუსთავი 2“-ის ეთერიდან მოვისმინეთ, რისკის შემცველია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის

ის, რაც „რუსთავი 2“-ის ეთერიდან მოვისმინეთ, ჟურნალისტური მორალისა და ეთიკის სტანდარტებს სცდება, რაც რისკის შემცველია, როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკისთვის, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მსგავსი რიტორიკა ახალი არ არის, არც „რუსთავი 2“-სგან და არც “ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

„ხელისუფლება შეფასებებში გადაჭარბებული არ ყოფილა. როგორც აღმოჩნდა, „რუსთავი 2“-ის გუშინდელი განცხადება მიუღებელი იყო არა მხოლოდ საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისთვის, ასევე თავად „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებისთვისაც“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

„რუსთავი 2“-ის საავტორო გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ 7 ივლისს „პოსტსკრიპტუმის“ დაწყებისას გადაცემაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მისამართით უცენზურო განცხადებები გააკეთა. მოგვიანებით, ამ საკითხზე ტელეკომპანიამ განცხადება გაავრცელა.

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში გასული მიმართვა შეაფასა, „როგორც პროვოკაცია, როგორც უდიდესი საფრთხის შემცველ გზავნილი, მიმართული საქართველოს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ“. საკითხს გამოეხმაურნენ ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერი კახა კალაძე და სხვები.

გიორგი გაბუნიას მონოლოგი მოქალაქეთა ნაწილმაც გააპროტესტა და „რუსთავი 2“-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეების მოთხოვნა იყო, შეეწყვიტა მაუწყებლობა „რუსთავი 2“-ს, ბოდიში მოეხადათ. მოგვიანებით, მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ განცხადება გააკეთა არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ. ტელეკომპანიასთან აქცია გამთენიისას დასრულდა.

„რუსთავი 2“-მა მაუწყებლობა დღეს დილით, დაახლოებით 07:30 საათზე განაახლა და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.