რამზან კადიროვი აშშ-ის სანქციებს ეხმაურება - ვიღებთ ბრძოლას, ამიერიდან უფრო საინტერესო იქნება
ვიღებთ ბრძოლას, – ასე გამოეხმაურა ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებს.
კადიროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს მიმართა.
„პომპეო, ვიღებთ ბრძოლას. ამიერიდან უფრო საინტერესო იქნება“, – წერს კადიროვი „ტელეგრამზე“.
კადიროვმა იარაღის საცავში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. მას ხელში ორი ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავს.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს, რამზან კადიროვს სანქცია დაუწესა. კადიროვს შეერთებულ შტატებში შესვლა აეკრძალა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას უკავშირდება.