არგენტინის ქალაქ კორდობაში დასრულდა საიუბილეო, მე-40 რალი-რეიდი „დაკარი“.
ავტომობილების კლასში „პეჟოს“ ზედიზედ მესამე გამარჯვება მოუტანა ლეგენდარულმა ესპანელმა კარლოს საინსმა. კლასიკურ რალიში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონისთვის ეს იყო მეორე ტრიუმფი „დაკარზე“ და პირველი 2010 წლის შემდეგ.
საერთო ჩათვლაში მეორე ადგილზე გავიდა „ტოიოტას“ ლიდერი ნასერ ალ-ატიია – მისი ჩამორჩენა საინსთან 43 წუთს გაუტოლდა.
ბოლო ეტაპზე გენერალური კლასიფიკაციის მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ჟინიელ დე ვინიელსსა და სტეფან პეტერანსელს შორის სხვაობა რვა წუთი იყო. ბოლო ეტაპი დე ვინიელსმა მოიგო, პეტერანსელი მას 40 წამით ჩამორჩა. შესაბამისად, სამხრეთ აფრიკელი მესამე ადგილზე გავიდა ავტომობილების კლასში, ხოლო შარშანდელი ჩემპიონი პეტერანსელი პირველი სამეულის მიღმა აღმოჩნდა.
მოტოციკლების კლასში მატიას ვალკნერმა გაიმარჯვა. 31 წლის ავსტრიელი მთელი „დაკარის“ განმავლობაში სტაბილური იყო და პირველად მოიგო ლეგენდარული რალი-რეიდი, არადა, ეს ვალკნერისთვის მხოლოდ მეოთხე მონაწილეობაა „დაკარში“.
ვალკნერის გამარჯვება მოტოკონცერნ KTM-ის ზედიზედ მე-17 ტრიუმფს ნიშნავდა. გენერალურ კლასიფიკაციაში პირველი ხუთი ადგილიდან ოთხი KTM-ის წევრებმა მიიღეს.