რაკიჩმა სმიტს შანსი არ დაუტოვა - ლას ვეგასში გამართული ბრძოლების შედეგები (ვიდეო)
ლას ვეგასში აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის მორიგი ქარდი (ვეგას 8) შედგა. აღსანიშნავია, რომ ამ ღონისძიებაზე გიგა ჭიკაძეს უნდა ებრძოლა, თუმცა ქართველ მებრძოლს კორონავირუსი დაუდასტურდა და ის ავტომატურად ბრძოლიდან ჩაეხსნა. მის მეტოქეს ალექს კასერესს მოწინააღმდეგე ორჯერ შეეცვალა. საბოლოოდ ის ოსტინ სპრინგერს შეხვდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. კასერესმა UFC-ის დებიუტანტი პირველივე რაუნდში მომგუდავი ილეთით დაამარცხა. საინტერესოა, რომ ბრძოლის შემდეგ კასერესმა ჭიკაძესთან ბრძოლის სურვილი კვლავ გამოთქვა და შესაძლოა, ჩვენ ეს ბრძოლა სულ მალე ვიხილოთ.
ვეგას 8-ის მთავარი ბრძოლა გამოცდილ ენტონი სმიტსა და ალექსანდერ რაკიჩს შორის შედგა. სერბმა სპორტსმენმა უპირატესობა ბრძოლის დასაწყისშივე მოიპოვა. მისმა ფეხის დარტყმებმა სმიტს სერიოზული ზიანი მიაყენა. რაკიჩი დამაჯერებელ უპირატესობას სამივე რაუნდის მანძილზე ფლობდა და საბოლოოდ მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (30-26, 30-27, 30-27) გაიმარჯვა.
მორიგი მარცხი განიცადა ნახევრად საშუალო (welterweight) წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა რობი ლოულერმა. 38 წლის ვეტერანმა ბრწყინვალე ფორმაში მყოფ ნილ მაგნისთან უშანსოდ წააგო (30-27, 30-27, 30-27). ნილ მაგნი მერაბ დვალიშვილთან ერთად გახდა მესამე მებრძოლი, რომელმაც 2020 წელს 3 გამარჯვების მოპოვება მოახერხა.
მექსიკელმა ალექსა გრასომ კორეელი ჯი იეონ კიმი მსაჯთა საერთო გადაწყვეტილებით დაამარცხა (30-27, 30-27, 30-27).
რიკადო ლამასმა დებიუტანტ ბილ ალგეოს სანახაობრივ დაპირისპირებაში სძლია (29-27, 29-27, 29-27).
დაუმარცხებელმა იმპა კასანგანაიმ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მაკი პიტოლოსთან მაღალ დონეზე ჩაატარა და დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა (30-27, 30-27, 30-27)
ზაკ კამინგსმა იტალიელ ალესიო დი კირიკოს მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოუგო.
შონ ბრეიდი დაუმარცხებელის სტატუსს ინარჩუნებს. ფილადელფიელმა მებრძოლმა მეცამეტე გამარჯვება კრისტიან აგილერასთან მოიპოვა. მან მეტოქეს დანებება მომგუდავი ილეთით აიძულა.
პოლინა ვიანამ ემილი ვიტმაერი პირველივე რაუნდით მტკივნეული ილეთით დაამარცხა.
მელორი მარტინმა ეფექტური გამარჯვება ჰანა ცაიფერსთან მოიპოვა.
მაგომედ ანკალაევისა და იონ კუცელაბას ბრძოლა კვლავ არ შედგა, რადგან მოლდოველ მებრძოლს ბრძოლამდე 1 დღით ადრე კორონავირუსი დაუდგინეს.