რაგბის მსოფლიო თასის გახსნით შეხვედრაში საფრანგეთის ნაკრებმა ახალი ზელანდია დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთში რაგბის მსოფლიო თასი A ჯგუფის მატჩით გაიხნა – ერთმანეთს ტურნირის მასპინძელი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა – 27:13

სახელმწიფო ჰიმნების შემედეგ ახალზელანდიელებმა ტრადიციული „ჰაკა“ შეასრულეს და თამაშიც გაჩაღდა.

ზელანდიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და უკვე მეორე წუთზე მარკ ტელეამ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ლელო დადო, რასაც რამდენიმე წუთში ფრანგებმა ზუსტი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს.

პირველი ტაიმის ბოლომდე მასპინძლებმა – კიდევ ორი, ზელანდიელებმა კი ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულეს და შეხვედრის პირველი ნახევარი ფრანგების გამარჯვებით დასრულდა – 9:8.

მეორე ტაიმი, პირველის მსგავსად, ახალზელანდიელთა ლელოთი დაიწყო – მათი სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ტელეამ დუბლი შეასრულა და თავისი გუნდი 13:9 დააწინაურა.

ლელოს შემდეგ ფრანგებმა მწვავედ შეუტიეს მეტოქეს, რაც 56-ე წუთზე პენოს ლელოთი და რამოსის ზუსტი გარდასახვით დასრულდა, ფრანგები დაწინაურდნენ – 16:13.

მასპინძლებმა მატჩის ბოლომდე დარჩენილი დრო შეტევებში გაატარეს და საბოლოოდ დამსახურებულად გაიმარჯვეს – 27:13.

შეგახენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასზე თავის პირველ შეხვედრას 9 სექტემბერს, 20:00 საათზე ავსტრალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.


საფრანგეთი – ახალი ზელანდია 27:13


ლელო: პენო, ჟამინე – ტელეა (2)

გარდასახვა: რამოსი, ჟამინე

ჯარიმა: რამოსი (5) – მოუნგა