რაგბის მსოფლიო თასი | ნიკა ამაშუკელი „ბრინჯაოს ფინალში“ კიდის მსაჯი იქნება #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასი | ნიკა ამაშუკელი „ბრინჯაოს ფინალში“ კიდის მსაჯი იქნება #1TVSPORT

საფრანგეთში მიმდინარე რაგბის მსოფლიო თასზე ორი თამაში დარჩა ჩასატარებელი – 27 ოტომბერს „ბრინჯაოს ფინალში“ არგენტინისა და ინგლისის ნაკრებები მესამეადგილოსანს გამოავლენენ, 28 ოქტომბერს კი ახალი ზელანდიისა და სამხრეთ აფრიკის შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა გაირკვევა. ორივე მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთვაზებთ.

სასიამოვნო ფაქტია, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში მთავარი არბიტრის, ავსტრალიელი ნიკ ბერის პირველი ასისტენტი ქართველი ნიკა ამაშუკელი იქნება.

ეს იქნება ამაშუკელის მერვე შეხვედრა მიმდინარე მსოფლიო თასზე. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე იგი სამ შეხვედრაში (ირლანდია-რუმინეთი, იაპონია-ინგლისი, ავსტრალია-პორტუგალია) მთავარი მსაჯი იყო, ხოლო ოთხი მატჩი (სამხრეთ აფრიკა-შოტლანდია, არგენტინა-სამოა, შოტლანდია-ტონგა, ინგლისი-სამოა) ასისტენტის რანგში განსაჯა.

აქვე გეტყვით, რომ ფინალურ შეხვედრას, რომელიც 28 ოქტომბერს სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის „სტად დე ფრანსზე“ გაიმართება, ინგლისელი არბიტრი უეინ ბარნსი გაუძღვება.