რაგბი | სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია დაამარცხა და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონია [ვიდეო] #1TVSPORT

რაგბის მსოფლიო თასის ფინალში ერთმანეთის წინაშე მსოფლიოს სამ-სამგზის ჩემპიონები წარსდგნენ, ამ ფინალს უნდა გადაეწყვიტა, რომელი მათგანი დაიდგამდა მეოთხე საჩემპიონო გვირგვინს – ახალი ზელანდია თუ სამხრეთ აფრიკა.

მატჩის დაწყებისთანავე მოედანზე დიდი ბრძოლა გაჩაღდა, მოთამაშეები ერთმანეთს არაფერს უთმობდნენ და ყველა ბურთისთვის თავგანწირვით იბრძოდნენ.

პირველმა ტაიმმა მთლიანობაში სამხრეთ აფრიკის ნაკრების უპირატესობით ჩაიარა. გუნდებმა ქულები მხოლოდ საჯარიმო დარტყმებით მოაგროვეს – სამხრეთაფრიკელთა ოთხ ზუსტ ჯარიმას ზელანდიელებმა ორით უპასუხეს და პირველი ნახევარი „ბოკემ“ (სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეტსახელი) 12:6 მოიგო.

ქულებში ჩამორჩენის გარდა, ზელანდიელები სხვა მხრივაც რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ – ჯერ მეორე წუთზე არბიტრმა შენონ ფრიზელი გააძევა 10 წუთით მოედნიდან, ხოლო ტაიმის მიწურულს გუნდის კაპიტანი, სემ კეინი დასაჯეს ყვითელი ბარათით, რომელიც განხილვის შემდეგ წითელ ბარათად გადაკვალიფიცირდა და „ოლ ბლექსი“ კაცნაკლული დარჩა.

მეორე ტაიმი სამხრეთ აფრიკამ კვლავ აქტიურად დაიწყო, მაგრამ 50-ე წუთზე მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა 10 წუთით გათანაბრდა – მატჩის არბიტრმა უეინ ბარნსმა სამხრთ აფრიკის ნაკრების კაპიტანს, სია კოლინზს ყვითელი ბართი აჩვენა. ახალზელანდიელები შეეცადნენ, ეს სიტუაცია გამოეყენებინათ, რაც მოახერხეს კიდეც, მაგრამ გადამოწმების შემდეგ არბიტრმა ზელანდიელების ლელო არ ჩაითვალა.

თუმცა რამდენიმე წუთში „ოლ ბლექსმა“ საწადელს მაინც მიაღწია – მათი შეტევა ბოდენ ბარეტის ლელოთი დასრულდა, მაგრამ რიჩი მოუნგამ ვერ გარდასახა და ზელანდიელებმა დაწინაურების შანსი ვერ გამოიყენეს – 11:12.

შეხვედრის დასრულებამდე დაახლოებით რვა წუთით ადრე მოედანზე მოთამაშეთა რაოდენობა კიდევ ერთხელ გათანაბრდა – ბარნსმა მოედნიდან 10 წუთით სამხრეთაფრიკელთა კაპიტანი კოლბი გააძევა, „ოლ ბლექსს“ დაწინაურების შანსი კიდევ ერთხელ მიეცა, მაგრამ ჯორდი ბარეტმა ჯარიმა არაზუსტად შეასრულა.

შეხვედრის ბოლო წუთები დაძაბულად წარიმართა. „ოლ ბლექსი“ მთელი ძალით უტევდა, მაგრამ „ბოკემ“ თავი კარგად დაიცვა, საბოლოოდ 12:11 მოიგო და მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი გახდა.


ახალი ზელანდია – სამხრეთ აფრიკა 11:12


ლელო: ბოდენ ბარეტი

ჯარიმა: მოუნგა (2) – პოლარდი (4)

სინბინი: სია კოლიზი, კოლბი – ფრიზელი.

გაძევება: სემ კეინი (ახ. ზელანდია)