რაგბის მსოფლიო თასი | საქართველოს ნაკრების ჯგუფში უელსმა ფიჯი დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
რაგბის მსოფლიო თასზე 10 სექტემბერს სამი შეხვედრა გაიმართა. სათამაშო დღის ბოლო მატჩში ერთმანეთს საქართველოს ნაკრების მეტოქეები, უელსისა და ფიჯის ნაკრებები შეხვდნენ. თამაში უელსის გამარჯვებით დასრულდა – 32:26.
უელსი – ფიჯი 32:26
ლელო: ადამსი, ნორსი, რის-ზამიტი, ელიოტ დი – ნაიაკალევუ, ტაგიტაგივალუ, ტუისოვა, დოგი.
გარდასახვა: ბიგარი (3)- ლომანი (2), ტელა.
ჯარიმა: ბიგარი (2).
გუნდებმა გულშემატკივრებს საკმაოდ სანახაობრივი რაგბი შესთავაზეს. საწყის რვა წუთში უელსელები ბიგარის ჯარიმითა და ადამსის ლელოთი დაწინაურდნენ, რასაც ფიჯელლებმა სწრაფად უპასუხეს და ნაიკალევუმ და ტაგიტაგივალუმ ოთხწუთიან მონაკვეთში ორი ლელო დადეს, რომლებიც ლომანიმ ზუსტად გარდასახა და ფიჯი დაწინაურდა – 14:8.
უელსელებმა აქტიურად განაგრძეს თამაში. ბიგარმა ჯერ ჯარიმით შეამცირა სხვაობა, შემდეგ კი ნორსის ლელო ზუსტად გარდასახა და პირველი ტაიმი უელსელებმა 18:14 მოიგეს.
მეორე ტაიმის სტარტზე უელსის უპირატესობა კიდევ უფრო სოლიდური გახდა – რის-ზამიტმა ლელო დადო, ბიგარი გარდასახვისას ზუსტი იყო – 25:14.
შეხვედრის დასრულებამდე 12 წუთით ადრე, უელსელებმა ფიჯელთა ჩათვლის მოედანში მეოთხე ლელოც დადეს – თავი ელიოტ დიმ გამოიჩინა და თავის გუნდს ბონუსქულაც მოუტანა.
მატჩის ბოლო წუთები დრამატული გამოდგა. ფიჯელებმა კიდევ ორი ლელოს დადება მოახერხეს, ეგრეთ წოდებულ „გაწითლებულ დროში“, ახლოს იყვნენ მეხუთე ლელოს დადებასთან, მაგრამ უელსელებმა მოახერხეს თავის დაცვა და საბოლოოდ, შეხვედრა მათი გამარჯვებით დასრულდა – 32:26. ფიჯის ნაკრებმა კი ბონუსქულა მოიპოვა ოთხი დადებული ლელოსთვის და სანუგეშო ქულა შვიდ ქულაზე ნაკლებით წაგებისთვის
იაპონია – ჩილე 42:12
ლელო: ფაკატავა (2), ნაიკაბულა, ლიტჩი, ნაკამურა, დერნსი – ფერნანდესი, ესკობარი.
გარდასახვა: მაცუდა (6) – ვიდელა.
D ჯგუფში იაპონიის ნაკრებმა ტურნირის დებიუტანტი ჩილეს ნაკრები დაამარცხა. პირველი ლელო ამ შეხვედრაში ჩილელებმა დადეს, მაგრამ იაპონელებმა ანგარიში მალევე გაათანაბრეს, ჯამში კი ექვსი ლელო დადეს და ბონუსქულაც მოიპოვეს.
სამხრეთ აფრიკა – შოტლანდია 18:3
ლელო: დიუ ტუა, არენდსე.
გარდასახვა: დე კლერკი.
ჯარიმა: ლიბოკი (2) – რასელი.
სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა ორი ლელოს დადება მოახერხა შოტლანდიასთან შეხვედრაში. მათ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება, მაგრამ ლიბოკმა და დე კლერკმა რამდენიმე ჯარიმა და ერთი გარდასახვა არაზუსტად დაარტყეს, შოტლანდიელებმა კი პირველი ტაიმის ბოლოს მხოლოდ ერთი ჯარიმის გატანა მოახერხეს.
მსოფლიო თასზე მეორე შეხვედრა იმსაჯა ქართველმა არბიტრმა, ნიკა ამაშუკელმა, სამხრეთ აფრიკისა და შოტლანდიის მატჩში ის ამჯერად მთავარი არბიტრის, ანგუს გარდნერის პირველი ასისტენტი იყო.
მსოფლიო თასი 14 სექტემბერს საფრანგეთისა და ურუგავის ნაკრებების მატჩით განახლდება.