რაფაელ ჩიმიშკიანი იუბილარია - ლეგენდარული ძალოსანი 92 წლის გახდა #1TVSPORT
1952 წლის ოლიმპიადის გამარჯვებული, ლეგენდარული რაფაელ ჩიმიშკიანი 92 წლისაა. იგი დასახელებულია საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ძალოსნად.
ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების წინ საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ქალაქ ივანოვოში ჩატარდა. პირველობის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე რაფაელ ჩიმიშკიანი ავად იყო და წონაში მოიმატა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონატი მისმა კონკურენტმა ნიკოლაი საქსონოვმა მოიგო, ოლიმპიადაზე მაინც ჩიმიშკიანი წაიყვანეს.
ოლიმპიადის წინ პირველი შეკრება გუნდმა დანიის ქალაქ ვიბორგში გაიარა. იქ ფილტვების ანთება დაუდგინდა, თუმცა ბედად, ნაკრების ექიმი კუხალევსკი, თბილისში დაბადებულ-გაზრდილი კაცი, იყო, რომელმაც სამედიცინო ინსტიტუტი სწორედ თბილისში დაასრულა და დიდი გულისყურით უმკურნალა.
„ვიბორგიდან ჰელსინკამდე მატარებლით ვიმგზავრეთ. მახსოვს, ჩემთან ერთად ვაგონ-ჰოსპიტალში ლეგენდარული მოჭიდავე არსენ მეკოკიშვილიც მოხვდა – ისიც გაციებული იყო. ჩვენ შემადგენლობის ბოლო ვაგონში ვიყავით რაზეც არსენმა იხუმრა – რაფო, ნუ დარდობ ფინეთიდან ორივე პირველი ვაგონით ვიმგზავრებთ – იქ ჩვენ აუცილებლად ჩემპიონები გავხდებითო და ასეც მოხდა”, – იხსენებს რაფაელ ჩიმიშკიანი.
იგი ჩემპიონობის დღეს დეტალებში იხსენებს:
„ძალოსნების შეჯიბრება სპორტკომპლექს „მესუჰალეში“ ჩატარდა და გვიანობამდე
გაგრძელდა. ყველა ოლიმპიურ სოფელში დაბრუნდა, ბოლო ავტობუსი კი მხოლოდ ჩვენ, ძალოსნებს გველოდა. ოლიმპიურ სოფელში წასვლის წინ გივი კარტოზიამ და ვახტანგ ბალავაძემ მითხრეს – რაფო, აბა შენ იცი, გვასახელე სასტუმროში რომ დაბრუნდები, იცოდე, გელოდებით და გვნახეო… შეჯიბრების მსვლელობისას მწვრთნელებმა ძალიან მომიშალეს ნერვები – არ უკვეთავდნენ იმ წონას, რასაც ვითხოვდი, თუმცა საბოლოოდ მაინც ჩემპიონი გავხდი – დილის 3 საათი იყო, ფორმა რომ გამოვიცვალე და ჩემი ნივთები ჩავალაგე. სოფელში, რომ მივედით რიჟრაჟი იყო. ავტობუსის ფარების შუქზე სასტუმროსთან სილუეტებს მოვკარი თვალი – თურმე გივი და ვახტანგი კიდევ მელოდებოდნენ. როცა ჩემი ჩემპიონობის ამბავი გაიგეს, მხრებზე შემისვეს და ლამის მთელი ჩვენი დელეგაცია გააღვიძეს, ყვიროდნენ რაფო ჩემპიონია, რაფო ჩემპიონიაო.“
რაფაელ ჩიმიშკიანი 1952 წლის ამბების გახსენებისას ემოციებს დღესაც ვერ ფარავს:
„გივიმ ხელში ამიტაცა და იმეორებდა შენ ჩემი ძალა ხარო. ეს იმხელა სიხარული იყო, დღემდე თვალზე ცრემლი მადგება იმ ღამეს რომ ვიგონებ. სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმ ემოციას, რასაც მაშინ ვგრძნობდი“.
დღეს, 23 მარტს თბილისის მერიამ, ძალოსნობაში საქართველოს პირველ ოლიმპიურ ჩემპიონს საჩუქარი გაუკეთა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დაარსდა რაფაელ ჩიმიშკიანის სახელობის თბილისის ღია პირველობა. ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის ღია პირველობა ამიერიდან ტრადიციული გახდება და ძალოსნობაში პრიზიორებს ყოველ წელს გამოავლენს.
აღსანიშნავია, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ პირველობის დაარსება სიმბოლურად რაფაელ ჩიმიშკიანის დაბადების დღეს დაამთხვია.