რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ცნობილი სპორტული კომენტატორი რეპორატაჟებიდან პუტინის ადმინისტრაციის ზეწოლით მოხსნეს
22:55, 19.06.2018
რუსეთის პირველმა არხმა ცნობილი სპორტული კომენტატორი ვასილი უტკინი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებზე კომენტირებას ჩამოაცილა, მიზეზი კი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ზეწოლაა, – ამის შესახებ რადიო თავისუფლების რუსულ რედაქციას ინფორმაცია ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
უტკინის კოლეგები ვარაუდობენ, რომ მიზეზი ცნობილი სპორტული კომენტატორისადმი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირის პირადი ანტიპათია გახდა.
მანამდე, ვასილი უტკინმა ჩაწერა ვიდეომიმართვა, სადაც განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს რუსეთის პირველი არხზე აღარ წაიყვანდა. მან თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი არ დაასახელა.
„გარემოებები ისე აეწყო, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს პირველ არხზე აღარ წავიყვან. ერთმანეთს ურთიერთპატივისცემით დავშორდით, ჩემი მხრიდან – მადლიერებით. დარწმუნებული ვარ, გაინტერესებთ, ეს რატომ მოხდა. მაგრამ ამაზე ლაპარაკი არ მსურს. გთხოვთ, პატივი სცეთ ჩემს უფლებებს. მსოფლიოს ჩემპიონატზე კვლავ ვილაპარაკებ, ოღონდ „იუთუბის“ საკუთარ არხზე“, – ამბობს უტკინი.