უტკინმა „ლოკომოტივი“ კვარაცხელიას გამო გააკრიტიკა - 15 მილიონის დაკარგვა ნორმა ყოფილა
უტკინმა „ლოკომოტივი“ კვარაცხელიას გამო გააკრიტიკა - 15 მილიონის დაკარგვა ნორმა ყოფილა

ცნობილი რუსი კომენტატორი, ამჟამად „იუთუბ“ (Youtube) ბლოგერი ვასილი უტკინი გამოეხმაურა ბოლოდროინდელ ჭორებს, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია, შეიძლება მოსკოვის „ლოკომოტივში“ 15 მილიონ ევროდ დაბრუნდეს.

„ამას ველოდი. „ლოკომოტივს“ კვარაცხელიას ყიდვა სურს. ეს ის შემთხვევაა, რომელსაც „ლოკოს“ გენერალურმა დირექტორმა ვასილი კიკნაძემ საჯაროდ თავისი პირადი შეცდომა უწოდა. ახლა მისი გამოსწორება 15 მილიონი ევრო დაუჯდება. ამ დროს, დამაბნეველია, რომ „ლოკომოტივმა“, რომელსაც კიკნაძე წარმოადგენს, ყოფილი გენერალური დირექტორის, ილია გერკუსის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რომელმაც საჩემპიონო სეზონში კლუბის ფეხბურთელები და თანამშრომლები პრემიებით დააჯილდოვა. პრეტენზიები ერთ მილიონ ევროზე ნაკლები თანხის გაცემას ეხება. ანუ 15 მილიონის დაკარგვა ნორმალურია. ასევე პრემიების დარიგებისათვის წინამორბედისთვის ერთ მილიონზე პრეტენზიის წაყენებაც ნორმაა ყოფილა“, – წერს უტკინი თავის „ტელეგრამ“ (Telegram) არხზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ 19 წლის თავდამსხმელმა მოსკოვის „ლოკომოტივი“ 2019 წლის ზაფხულში დატოვა. 2019/20 სეზონის ბოლოს კვარაცხელია რუსეთის პრემიერ ლიგის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.