ვასილი უტკინი - ვერ წარმომიდგენია, რომ რუსეთი დანიასთან არ წააგებს #1TVSPORT
ვასილი უტკინი - ვერ წარმომიდგენია, რომ რუსეთი დანიასთან არ წააგებს #1TVSPORT

ვასილი უტკინი არ იზიარებს იმ ეიფორიას, რომელიც ფინეთთან მოგების შემდეგ რუსეთის ნაკრების გულშემატკივრებშია. პოპულარულმა რუსმა ტელეწამყვანმა და ბლოგერმა ევრო 2020-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში რუსეთი-დანიის დაპირისპირებაზე ილაპარაკა და არ დამალა, რომ რუსეთის მოგება არ წარმოუდგენია.

„მე გეტყვით ადამიანური პატიოსნების ზღვარზე: ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენები დანიასთან მოიგებენ. ეს ძალიან მობილური გუნდია და თავს ძალიან მაღალი პრესინგით იცავს. ჩვენ კი არ გვყავს ფორვარდი, რომელსაც შეუძლია თავისუფალ ზონაში, მცველების ზურგს უკან გაიხსნას. ამავე დროს, იმ ზეწოლის პირობებში, რომელსაც დანიელები ნებისმიერ მეტოქის ნახევარზე ახორციელებენ, ჩვენი არასრულყოფილი დაცვის შეცდომები გარდაუვალია. ძალიან დიდი, ბედნიერი დღე უნდა დაგდეს, რომ კოპენჰაგენში გავძლოთ“, – წერს უტკინი თავის ტელეგრამ-არხზე.

დანიის ნაკრებთან ევრო 2020-ის „ბ“ ჯგუფის ბოლო მე-3 ტურის შეხვედრა რუსეთის გუნდისთვის პირველი იქნება მიმდინარე ტურნირზე, რომელსაც საკუთარ მოედანზე არ გამართავს. სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდმა პირველ ტურში ბელგიასთან 0:3 წააგო, მეორე ტურში კი ფინეთი დიდი ძალისხმევის შედეგად 1:0 დაამარცხა.

ორი ტურის შემდეგ „ბ“ ჯგუფში ბელგიის ნაკრები 6 ქულით ლიდერია და შემდეგ ეტაპზე გასვლა გაინაღდა. მეორე ადგილზე გასვლის შანსი რუსეთის და ფინეთის ნაკრებებს გააჩნიათ, რომლებმაც 3-3 ქულა დააგროვეს, დანიისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ევრო2020 უქულოდ არ დაასრულოს. რუსეთსა და დანიას შორის შეხვედრა დანიის დედალაქალაქ კოპენჰაგენში 21 ივნისს გაიმართება.

დატოვე კომენტარი