ქუთაისში მოძრაობა „სირცხვილიას“ და „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები აქციას მართავენ
ქუთაისში მოძრაობა „სირცხვილიას“ და „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრები აქციას მართავენ

ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიასა“ და „სირცხვილიას“ წევრები სლოგანით „სისტემა ყარს“ აქციას მართავენ.

აქციის მონაწილეებმა ბანერი წარწერით „ამ ცხოვრების დედაც“ გაშალეს და სოლიდარობა გამოუცხადეს თბილისში, იაშვილის კლინიკაში გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის ოჯახს.

აქციას „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებიც შეუერთდნენ.

„ეს არის სისტემური დანაშაული და ეს არ ჩამოყალიბებულა ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, სისტემა ჩამოყალიბდა, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი. ჩვენ არ შევურიგდებით აღნიშნული სისტემის მოქმედების გაგრძელებას”, – განაცხადა აქციის მონაწილემ, მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას” წევრმა, ნიკა დეისაძემ.

„ამ ცხოვრების დედაც“ – ამავე შინაარსის წარწერები ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილზე გაჩნდა.

მოძრაობა „შეცვალეს” წევრების განცხადებით, ისინი ამ ფორმით 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვეს და საქმეში პოლიციის შესაძლო ზეწოლის ფაქტი გააპროტესტეს.

„სისტემა, რომელიც ყარს, უნდა დაინგრეს და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ტექსტი, რომელსაც მოზარდი ემსხვერპლა, სხვადასხვა ადგილზე დავტოვეთ და ამით გამოვხატეთ პროტესტი“, – განაცხადა აქციის მონაწილემ, მიხეილ გეგეშიძემ.

თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში დღეს გარდაიცვალა.

12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

დატოვე კომენტარი