ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საზეიმოდ გაიხსნა.

გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებასა და სტუდენტებს სიტყვით მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ასევე, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი​ს საპატიო პრეზიდენტმა, პროფესორმა ვოლფგანგ ჰერმანმა და უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ალექსანდრე თევზაძემ.

ამასთან, ღონისძიებაზე ფიცი დადო რამდენიმე პირველკურსელმაც.

ღონისძიებას მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

დღის პირველ ნახევარში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში პირველკურსელების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) წელს პირველი სტუდენტები მიიღო ბაკალავრიატის სამ ინგლისურენოვან პროგრამაზე: მენეჯმენტი, მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, KIU-ში სტუდენტების მიღების კრიტერიუმები დღეს საქართველოში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და შესაბამისობაშია მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პროგრამის მოთხოვნებთან. STEM-ის მიმართულების პროგრამების მიხედვით KIU სამ ყველაზე მაღალი ბარიერის მქონე უნივერსიტეტებს შორის სახელდება საქართველოში. წელს 1 112 აბიტურიენტმა გამოხატა სურვილი, გამხდარიყო KIU-ს სტუდენტი. უნივერსიტეტის მიერ დაწესებული მაღალი ბარიერი კი 245-მა ახალგაზრდამ გადალახა.

რეიტინგის მიხედვით, ყველაზე პოპულარულია KIU-ს კომპიუტერული მეცნიერების პროგრამა. ამ პროგრამაზე წელს ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა. შემდეგ ადგილზეა მენეჯმენტი და ბოლოს მათემატიკა. მათემატიკის პროგრამაზე ჩარიცხულ სტუდენტთა 35 პროცენტი გოგონაა. უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით ქალების ჩართულობის გაზრდაა.

„უნივერსიტეტში ჩარიცხულ სტუდენტთა 90 პროცენტმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე KIU შემოხაზა პირველ არჩევნად, ხოლო სტუდენტთა 78 პროცენტმა შეძლო სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება.

სტუდენტთა რეიტინგის პირველ ასეულში არიან გამორჩეული და მაღალქულიანი ახალგაზრდები: ხულოდან, ცაგერიდან, ჭიათურიდან, თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან, საჩხერიდან და სხვა რეგიონებიდან. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები არიან როგორც საერთაშორისო, ასევე, ეროვნული კონკურსისა და ოლიმპიადის გამარჯვებული ახალგაზრდები. მათ შორისაა მათემატიკური და ალგორითმული კონკურსის (M ვექტორის) თხუთმეტი ფინალისტი და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ორი წარმატებული გამომგონებელი“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მოიცავს სტუდენტებისა და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს. უნივერსიტეტი პირველ ნაკადს მიიღებს სამ სპეციალობაზე – მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი, სამომავლოდ კი, სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას შეუერთდა. სტუდენტებს იულიხის კვლევით ცენტრში გარკვეული პროექტების შესრულების შესაძლებლობა აქვთ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიებს სწავლის საფასურსაც დაუფარავს. ამასთან, უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაარსებლად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

დატოვე კომენტარი