ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს იულიხის კვლევით ცენტრში გარკვეული პროექტების შესრულება შეეძლებათ
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას შეუერთდა.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის, ალექსანდრე თევზაძის განცხადებით, თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს.
მისი თქმით, სტუდენტებს იულიხის კვლევით ცენტრში გარკვეული პროექტების შესრულების შესაძლებლობა აქვთ.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას შეუერთდა, რაც ჩვენს უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს თანამშრომლობაში ახალი განზომილებები შემოიტანოს. თანამშრომლობა რამდენიმე მიმართულებით იქნება. სტუდენტებისთვის ყველაზე საინტერესო შეიძლება იყოს, რომ შესაძლებელი იქნება ბაკალავრიატის სტუდენტური პროექტების მესამე და მეოთხე კურსზე, გარკვეული პროექტების შესრულება გერმანიის წამყვან სამეცნიერო კვლევით ცენტრებში. დაგეგმილია ასევე თანამშრომლობა ქუთაისის ადრონული ცენტრის ფარგლებში, ფიზიკის, სამედიცინო ფიზიკის, ბიოლოგიისა და სხვა მიმართულებებით. დამატებით გვინდა, რომ შევქმნათ კვლევითი ჯგუფი სუპერკომპიტინგის, მონაცემთა ანალიზის და მანქანური სწავლების მიმართულებით.
იქნება თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი. შევეცდებით, რომ ყველა წარჩინებული სტუდენტი ვინც გარკვეულ სტუდენტურ პროექტს აირჩევს და გერმანული მხარის დაინტერესებას შეძლებს, რომ ამ გერმანულ სამეცნიერო ცენტრში მოხვდეს“, – განაცხადა თევზაძემ.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და იულიხის კვლევით ცენტრს (FZJ) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც, საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმის „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ (GGSB) ფარგლებში, საქართველოსა და გერმანიას შორის გრძელვადიანი თანამშრომლობის განვითარებას ითვალისწინებს.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე საქართველოს უნივერსიტეტების კონსორციუმს „ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდი“ (GGSB), რომელსაც იულიხის კვლევით ცენტრთან (FZJ) რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) შეუერთდა.
მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა (KIU) და იულიხის კვლევითი ცენტრის ინსტიტუტებს შორის სასწავლო-სამეცნიერო კავშირების დამყარება. თანამშრომლობა დაგეგმილია სუპერკომპიუტინგის, მონაცემთა ანალიზისა და მანქანური სწავლების მიმართულებით. KIU ადრონული თერაპიის ცენტრი თანამშრომლობაში ჩაერთვება ბიოსამედიცინო, გამოყენებითი და სამედიცინო-ტექნიკური კვლევების მიმართულებით.
ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში გაგრძელდება თანამშრომლობა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორ ლაბორატორიასთან: SMART|AtmoSim_lab და SMART|EDM_lab, რომელთა სამეცნიერო კვლევის არეალი გაფართოვდება. დაგეგმილია ახალი ლაბორატორიის SMART|BioMedImage_lab დაარსება, რომელიც იმუშავებს სამედიცინო ტექნოლოგიების მიმართულებით.
იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშომლობის განახლებული მემორანდუმი, გარდა გერმანულ-ქართული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა, ითვალისწინებს ყველა საფეხურის სტუდენტებისთვის საგანმანათლებლო გაცვლითი პროგრამების განხორციელებას, სემინარების, საზაფხულო სკოლებისა და საგანმანათლებლო კვირეულების ჩატარებას, აგრეთვე, მოსწავლეთათვის ვორქშოპების ორგანიზებას.