ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიებს სწავლის საფასურს დაუფარავს
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიებს სწავლის საფასურს დაუფარავს

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საგრანტო ფონდს ქმნის. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და წაახალისოს ნიჭიერი, წარჩინებული სტუდენტები.

როგორც საქართველოს პირველ არხს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს, ფონდი საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებს სხვადასხვა სახის დაფინანსებას სთავაზობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტების რეგისტრაცია 30 აპრილს სრულდება. იმ აბიტურიენტებს, კი რომლებსაც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში სურთ სწავლა, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში უნდა მიუთითონ უნივერსიტეტის კოდი – 197.

საქართველოს მოქალაქეებისათვის სწავლის გადასახადი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შეადგენს წელიწადში 2 250 ლარს.

ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი.

„ფონდის მიზანია, სტუდენტებს დავუფაროთ სწავლის გადასახადი, სტუდენტური საცხოვრებლის საფასური, საუნივერსიტეტო სტიპენდია და უზრუნველყოთ საკვებისა და სხვა ხარჯების დაფარვაც.

პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა მოცულობით დაფინანსდებიან წარმატებული სტუდენტები, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მოხვდებიან საუკეთესო 100, 200 და 300 აბიტურიენტთა სიაში, საშუალო განათლების ოქროს და ვერცხლის მედალოსნები, მათემატიკის, პროგრამირებისა და საბუნებისმეტყველო საგნებში ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული,

მათემატიკური კონკურსის „M ვექტორი“ და მილენიუმის ინოვაციების კონკურსის გამარჯვებულები სტუდენტები“, – აცხადებენ უნივერსიტეტში.

საუნივერსიტეტო დაფინანსება ბაკალავრიატის საფეხურზე განსაზღვრულია სწავლის ოთხი წლის განმავლობაში, რომლის შესანარჩუნებლადაც სტუდენტებმა უნდა აჩვენონ მაღალი აკადემიური მოსწრება და წელიწადში მოაგროვოს მინიმუმ 55 სასწავლო კრედიტი.

ფონდის ფარგლებში ასევე მოქმედებს სოციალური პროგრამა, რომელიც სხვადასხვა კატეგორიაში გასცემს დაფინანსებას, მათ შორის: სტუდენტები, რომლებიც სწავლობდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; ობოლი სტუდენტები (გარდაცვლილი ჰყავთ დედ-მამა); სტუდენტები, რომლებიც არიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შვილები; სტუდენტები, რომლებიც არიან მკვეთრად/მნიშვნელოვნად/ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები; სტუდენტები, რომლებიც არიან მრავალშვილიანი ოჯახის (ოთხი და მეტი შვილით) წევრები; სტუდენტები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ ან გასულნი არიან სახელმწიფო ზრუნვიდან ბოლო 3 წლის განმავლობაში და იმყოფებოდნენ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მინიმუმ ორი წლის განმავლობაში; სტუდენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა დასრულების ფაზაშია და დაწესებულება პირველ სტუდენტებს მიმდინარე წლის სექტემბერში მიიღებს. უნივერსიტეტის მშენებლობას სრულად ფონდი „ქართუ“ აფინანსებს და პროექტისთვის ერთი მილიარდი ევროა გამოყოფილი.