ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს გაიხსნება
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი დღეს გაიხსნება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) დღეს გაიხსნება. გახსნის ცერემონიაზე სტუდენტებს მიესალმებიან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი, პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი და უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე თევზაძე.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) მოიცავს სტუდენტებისა და პერსონალის საცხოვრებლებს, აკადემიურ შენობებს, ბიბლიოთეკას, კაფეებს, შიდა და გარე სარეკრეაციო სივრცეებს, ელექტროტრანსპორტს, ველობილიკებს. უნივერსიტეტი პირველ ნაკადს მიიღებს სამ სპეციალობაზე – მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები და მენეჯმენტი, სამომავლოდ კი, სპეციალობათა რაოდენობა გაიზრდება.

ამასთან, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი იულიხის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას შეუერთდა. სტუდენტებს იულიხის კვლევით ცენტრში გარკვეული პროექტების შესრულების შესაძლებლობა აქვთ.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტთა გარკვეულ კატეგორიებს სწავლის საფასურსაც დაუფარავს. ამასთან, უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური გრანტების ფონდი.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დასაარსებლად ბიძინა ივანიშვილმა და მისმა ოჯახმა მილიარდი ევროს ქველმოქმედება განახორციელა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის გახსნისა და სტუდენტების მიღების ცერემონია დღეს, 13.00 საათზე გაიმართება.