ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობის მეორე ფაზა სრულდება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობით გათვალისწინებული მეორე ფაზის სამუშოები დასასრულს უახლოვდება. მთავრდება ფასადისა და სახურავის მოწყობა. პარალელურად, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოების მესამე ეტაპი, რაც საინჟინრო-კომუნიკაციების მოწყობას გულისხმობს.
თითქმის, დასრულებულია აეროპორტის ახალი ტერმინალის შენობის სახურავისა და ფასადის მოწყობა. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქუთაისს ექნება თანამედროვე ტიპის ოთხსართულიანი აეროპორტი სრულიად უნიკალური ე.წ. მწვანე გადახურვით, სადაც გათვალისწინებული იქნება ღია ვერანდა გამწვანებით.
„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოება აქტიურ ფაზაშია. დასასრულს უახლოვდება მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშოები, რომელიც გულისხმობს შენობის შეფუთვასა და გადახურვას. პარალელურად, აეროპორტის ახალ ტერმინალში მიმდინარეობს საინჟინრო სისტემების გაყვანა, რაც ტერმინალის სპეციალური დანადგარებითა და გათბობა-გაგრილების სისტემით აღჭურვას გულისხმობს. მალე ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და თანამედროვე აეროპორტი გვექნება“, – განაცხადა აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა გიორგი ჩოგოვაძემ.
მშენებლობის დასრულების შემდეგ დაიწყება არსებული და ახალი ტერმინალის შენობების შეერთების ფაზა. დღეისათვის არსებული ტერმინალის სივრცე სრულად გახდება გაფრენის ზონა, ხოლო ახალი ტერმინალი ჩამოფრენის დარბაზისთვის იქნება განკუთვნილი.
ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს შვიდი გასასვლელი (ე.წ. გეითი) ექნება და საათში 1 200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის განახლებული ტერმინალის დიზაინი ჰოლანდიურ არქიტექტურულ კომპანია UNStudio-ს ეკუთვნის. აეროპორტის განვითარების ანალიზი IATA ქონსალთინგის მიერ მომზადდა, რომელმაც ყველა ის ძირითადი სტანდარტი განსაზღვრა, რასაც აეროპორტი უნდა აკმაყოფილებდეს.