ქეცბაიასა და ოქრიაშვილის ინციდენტი დასრულდა - ყველაფერი დაძაბული თამაშის შედეგი იყო
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში „აპოელთან“ ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ 2:0 მოიგო. მატჩის დასრულების შემდეგ თემურ ქეცბაიას და თორნიკე ოქრიაშვილს შორის მომხდარი
ინციდენტი გასახდელში ამოიწურა – ინფორმაციას „ლარნაკა სპორტი“ ავრცელებს.
„თემურ ქეცბაისა და თორნიკე ოქრიაშვილს შორის მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარმა ინციდენტმა „ანორთოსისში“ დიდი დაძაბულობა გამოიწვია. მაგრამ შევიტყვეთ, რა მოხდა გასახდელში ქეცბაიასა და ოქრიაშვილს შორის. უახლესი ინფორმაციით, გასახდელში მატჩის დასრულების შემდეგ ქეცბაია ფეხბურთელებს ელაპარაკა, კმაყოფილება გამოთქვა გამარჯვების გამო, მოუწოდა მათ განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ ოთხშაბათს „ეთნიკოსთან“ თამაშის დროს და ხვალინდელი ვარჯიში დანიშნა. „ანორთოსისის“ მწვრთნელი გასახდელიდან გასვლამდე თორნიკე ოქრიაშვილს მიუახლოვდა, მათ ხელი ჩამოართვეს და ამით ინციდენტი ამოიწურა. ყველაფერი, რაც მატჩის შემდეგ მოხდა, დაძაბული თამაშის შედეგი იყო. ახლა „ანორთოსისი“ ორიენტირებულია მხოლოდ „ეთნიკოსთან“ თამაშზე“, – წერს „ლარნაკა სპორტი“.
თორნიკე ოქრიაშვილი, ისევე როგორც გუნდის დანარჩენი ქართველი მოთამაშეები, ძირითად შემადგენლობაში იყო და შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა. მას თავის გამოჩენა შეეძლო, მაგრამ გიორგი ქვილითაიას გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა მეტოქეს ვერ აჯობა.