კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ქართველი მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია დასაჯა – ინფორმაციას გამოცემა „ტემასპორტი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ამჯერად, ემოციური ქეცბაია დასაჯეს არა მედიასთან ურთიერთობაზე უარისთვის, არამედ, თორნიკე ოქრიაშვილთან ნიქოზიას „აპოელთან“ მატჩის შემდეგ მოედანზე მომხდარი ინციდენტისთვის.
„თემურ ქეცბაიას სასჯელი დაუწესდეს არასპორტული საქციელის გამო, რომელიც მას „აპოელთან“ მატჩის შემდეგ მოუვიდა. თემურ ქეცბაიას გუნდის წევრები ცდილობდნენ მის შეჩერებას, რომ მოთამაშესთან (თორნიკე ოქრიაშვილთან) არ მისულიყო“, – წერია სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებაში.
კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურის შეხვედრაში „ანორთოსისმა“ საკუთარ სტადიონზე ნიქოზიას „აპოელს“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასასრულს მცირე ინციდენტი მოხდა. „ანორთოსისის“ მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია გუნდის ქართველ ლეგიონერს, თორნიკე ოქრიაშვილს ჯერ ზედმეტად ემოციურად ელაპარაკა, შემდეგ კი მისკენ გაიწია და მათ შორის გამშველებლები ჩადგნენ (მათ შორის, მურთაზ დაუშვილი).