ქეცბაია საქმეს შეუდგა - „ანორთოსისმა“ და ქართველებმა გუნდური ვარჯიში განაახლეს
ქეცბაია საქმეს შეუდგა - „ანორთოსისმა“ და ქართველებმა გუნდური ვარჯიში განაახლეს

კვიპროსის ჯანდაცვის სამინისტროს ახალმა განკარგულებამ ქვეყნის საფეხბურთო გუნდებს სავარჯიშო პროცესის განახლების უფლება მისცა. საქმეს შეუდგა თემურ ქეცბაია და მისი ხელმძღვანელობით ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ პირველი გუნდური ვარჯიში გამართა.

„დღეს ფამაგუსტას „ანორთოსისს“ ფეხბურთელებისთვის „ანტონის პაპანდოპულოს“ სტადიონის კარი გაიღო. მოთამაშეებს თემურ ქეცბაია მიესალმა და ვარჯიში ჩაატარა. ის ელის და ამავე დროს, იმედოვნებს, რომ კვიპროსში სეზონი მალე განახლდება,“ – წერს გამოცემა „შუთენდგოლ“ (shootandgoal).

გამოცემა იმ სირთულეებზე წერს, რომელსაც „ანორთოსისი“ წააწყდა – „გუნდის მწვრთნელმა იცის, რომ ფეხბურთელები კარანტინის შემდეგ სასურველ კონდიციაში არ არიან და რომ მათ საუკეთესო ფორმის აღსადგენად დრო დასჭირდებათ. ამის მიუხედავად, ქეცბაია საქმეს მონდომებით და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა და იმედი აქვს, რომ ამ მუშაობის შედეგად გუნდის წევრები სრულ მზადყოფნაში იქნებიან იმ დროისთვის, როდესაც კვიპროსის ფეხბურთის ფედერაცია ჩემპიონატის განახლებას „მწვანე შუქს“ აუნთებს“.

ფამაგუსტას „ანორთოსისში“ თემურ ქეცბაიას სოსო ჭედია ეხმარება და ექვსი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს – მეკარეები გიორგი ლორია და ლუკა მიქაია, ასევე ბუბა დაუშვილი, ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა. ამჟამად, გუნდთან ერთად მხოლოდ ანანიძე არ ვარჯიშობს, რომელიც ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციას საქართველოში ასრულებს.