ქეცბაია პრესკონფერენციაზე ალაპარაკდა და ისევ გაბრაზდა - არაფერიც არ მაწუხებს (ვიდეო)
„აპოელთან“ კვიპროსის ჩემპიონატის მე-8 ტურში გამარჯვების (2:0) შემდეგ ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მწვრთნელი თემურ ქეცბაია პრესკონფერენციაზე გამოცხადდა და კომენტარი გააკეთა.
„ჩვენ დღეს ყველაფერი გამოგვდიოდა და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ, მაგრამ უფრო რთული მატჩები წინაა. ჩვენ ძალიან კარგი გუნდი ვართ და მივაღწიეთ იმას, რაც გვინდოდა”, – განაცხადა თემურ ქეცბაიამ.
„ანორთოსისის“ ქართველი მწვრთნელი კვლავ სიტყვაძუნწი იყო, მაგრამ მხოლოდ ერთი სიტყვით არ უპასუხია. როდესაც ჰკითხეს, წინა პრესკონფერენციებზე ნორმალურ კომენტარს რატომ არ აკეთებდა, მან გაბრაზებულმა უპასუხა და ფაქტობრივად, პასუხი მაინც არ გასცა:
„ახლა თქვენ მითხარით, რატომ არ ვლაპარაკობდი?”.
ამას მოჰყვა კითხვა – თუ რამე აწუხებს და რატომ გადაწყვიტა მედიასთან ასეთი სახით ურთიერთობა, ქეცბაიამ ლაკონურად განაცხადა:
„არაფერიც არ მაწუხებს, ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას”.
თემურ ქეცბაია წინა სამი მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიასთან შეხვედრაზე კი გამოცხადდა, მაგრამ რეალურად, არაფრის თქმა არ ისურვა, რის გამოც კვიპროსის ფეხბურთის ფედერაციამ სამჯერ დასაჯა და ჯამში 15 ათასი ევროს გადახდა მოუხდა.