ქარვა, როგორც დროის კაფსულა — აღმოჩენილია დინოზავრებზე 150 მილიონი წლით ადრინდელი ქარვის ნამსხვრევები #1tvმეცნიერება

17:20, 16.07.2026

როგორც წესი, ხის ფისს მწერებისგან თავდაცვის უძველეს, არომატულ საშუალებად აღვიქვამთ, რომელიც ებრძვის მავნებლებს და მათი გაუმაძღარი ყბების მიერ დატოვებულ ჭრილობებს.

თუმცა, ახალი აღმოჩენა მიუთითებს, რომ ეს წებოვანი სეკრეცია იმაზე გაცილებით სხვანაირ სამყაროში ჩამოყალიბდა, ვიდრე გვეგონა — არა მხოლოდ დინოზავრების გამოჩენამდე, არამედ მაშინ, როცა მწერები მცენარეების მთავარი მჭამელები გახდებოდნენ.

ჩრდილო-დასავლეთ ჩინეთში, ქვანახშირის საბადოში, პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს ასეულობით მიკროსკოპული ნამსხვრევი ქარვისა, რომელიც შუა დევონურ პეროდს ეკუთვნის, ანუ 385 მილიონი წლის წინანდელია, წინა რეკორდსმენზე 65 მილიონი წლით უფრო ძველი და დინოზავრების გამოჩენამდე 150 მილიონი წლით ადრინდელი.

„მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმიტომ, რომ ნიმუში უფრო ძველია — წინა დადასტურებული ქარვის ნიმუში გვიანდელი კარბონული პერიოდისაა და სავარაუდოდ, დაკავშირებულია თესლოვან მცენარეებთან. ჩვენი ქარვა შუა დევონურ პერიოდს ეკუთვნის, როცა თესლოვანი მცენარეები ჯერ არ არსებობდა. ეს იმას ნიშნავს, რომ უთესლო, ძარღვიან მცენარეებს უკვე შეეძლოთ ქიმიურად კომპლექსური ტერპენოიდული ფისის გამომუშავება“, — ამბობს ახალი კვლევის ავტორი, ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის პალეონტოლოგი ციჰანგ ლუო.

ქარვა პრეისტორიის ერთ-ერთი სიმბოლოა.

შედგება ხის ფისისგან, რომელიც მილიონობით წლის განმავლობაში გამაგრდა, განამარხდა და დიდებულ, თბილი ფერის ძვირფას ქვად იქცა.

თუმცა, ის უბრალოდ მხოლოდ ლამაზი როდია. ქარვას შეუძლია, ხშირად სრულყოფილ დეტალებში შეინახოს იმ სამყაროს წვრილმანები, რომლებიც მაშინ არსებობდა, როდესაც ის ხიდან ჩამოიღვენთა — მაგალითად, ყვავილის მტვერი, მასში ჩავარდნილი უხერხემლოები, პატარა ქვეწარმავლები და ციცქნა დინოზავრებიც კი.

ასეთი ნიმუშები პალეონტოლოგთათვის ძლიერ ფასეულია, რადგან უამრავ რამეს გვეუბნებიან პრეისტორიული ეკოსისტემების შესახებ; თუმცა, ქარვას გაცილებით მეტის თქმაც შეუძლია — კერძოდ, მცენარეთა ევოლუციის შესახებ.

კონკრეტულად ეს აღმოჩენა ცვლის ჩვენს გაგებას იმის თაობაზე, თუ როგორ ჩამოუყალიბდათ ადრეულ მცენარეებს ფისის გამომუშავების უნარი.

„გვაწვდის პირდაპირ ნამარხ მტკიცებულებას იმისა, რომ ფისის დახვეწილი ბიოსინთეზი იმაზე გაცილებით ადრე გამოჩნდა, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. ფისის წარმოება შეიძლება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაცია იყო — ხეების, მერქნის, ფოთლებისა და ფესვთა ღრმა სისტემის ევოლუციასთან ერთად — რომელიც ადრეულ ძარღვიან მცენარეებს გადარჩენასა და სახმელეთო გარემოში გავრცელებაში დაეხმარა“, — ამბობს ლუო.

უძველესი ფისი არ აღმოუჩენიათ ისეთი მბზინავი, ოქროსფერი ნატეხების სახით, როგორიც შეიძლება ვერცხლის გულსაკიდში ჩასმული ნახოთ ან პალეონტოლოგიური ჟურნალის გვერდებზე წააწყდეთ.

0,1 – 1,5 მილიმეტრის სიგრძის 241 ციცქნა ფრაგმენტი მკვლევრებმა 10 კილოგრამი ქვანახშირიდან ამოიღეს, რომელიც ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში, ჰუჯიერსიტის ფორმაციაზე მოიპოვეს.

ნამსხვრევები იმდენად პაწაწინა იყო, რომ საჭირო გახდა ულტრაიისფერი სინათლის ქვეშ მოთავსება, რამაც ისინი მიმდებარე ქანის მიმართ ააკაშკაშა.

მეცნიერებმა საიმედოდ დაათარიღეს, რომ ეს ქვა 385 მილიონი წლის წინანდელია. რჩებოდა კითხვა — რა იყო მანათობელი მასალა?

„ჩვენი პირველი რეაქცია აღელვება იყო, რასაც მაშინვე სიფრთხილე მოჰყვა. 385 მილიონი წლის ქარვის აღმოჩენა არაჩვეულებრივი იქნებოდა, ამიტომ, თავდაპირველად ნაწილაკები უბრალოდ ფისის მსგავს ორგანულ მასალად მივიჩნიეთ, იმის ნაცვლად, რომ ისინი ნამდვილ ქარვად ჩაგვეთვალა“, — განმარტავს ლუო.

მათ მასალას ქიმიური ტესტების სერია ჩაუტარეს.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩაუტარეს ოპტიკური ტესტები, ინფრაწითელი სპექტროსკოპია და მასსპექტრომეტრია — მკვლევრები დარწმუნდნენ, რომ მათ წინაშე არსებულ მარცვლებს წიწვოვანი მცენარეების ფისისთვის დამახასიათებელი ქიმიური ნიშნები ჰქონდა.

მეცნიერებმა ვერ დაადგინეს, გადაშენებული ხეების ზუსტად რომელი ოჯახი წარმოქმნიდა ამ ფისს, მაგრამ ფიქრობენ, რომ ეკოსისტემაში არსებობდა საკმარისი საფრთხე, რათა მცენარეებს თავდაცვითი უნარები დასჭირვებოდათ.

ვიდრე მწერები მცენარეების მთავარი მჭამელები გახდებოდნენ, ტყის ხანძრები და პარაზიტული სოკოები უკვე შეიძლება საკმარისად სახიფათო ყოფილიყო, რომ საჭირო გამხდარიყო ფისის წარმოქმნა.

ეს იყო ადაპტაცია, რომელიც გამორჩეულად გამძლე აღმოჩნდა.

„ქარვის შემცველი ქვანახშირი მიუთითებს ნოტიო, ორგანულად მდიდარ, ქვანახშირის წარმომქმნელ გარემოზე, რომელშიც ადრეული ძარღვიანი მცენარეების კორომები იყო. უკვე არსებობდნენ სოკოები და ხმელეთის ფეხსახსრიანები, მაგრამ ხმელეთის კვების ჯაჭვი მოგვიანებით არსებული ტყეებისაზე გაცილებით ნაკლებად კომპლექსური იყო“, — ამბობს ლუო.

მისი თქმით, ეს იყო კრიტიკული პერიოდი, როცა მცენარეები უფრო მაღალი გახდა, განივითარეს მერქანი და ღრმა ფესვები, გარდაქმნეს კონტინენტების ფიზიკური სტრუქტურა. ქარვის ეს ციცქნა ნამსხვრევები დიდი ეკოლოგიური გადასვლის პერიოდში წარმოიქმნა.

ლუო ამბობს, რომ კარგი მიზეზია გვჯეროდეს, რომ უფრო ადრეული ქარვაც შეიძლება არსებობდეს.

მოლეკულური კვლევები აჩვენებს, რომ სავარაუდოდ, მცენარეებს ფისის ქიმიური ნაერთების, სახელად ტერპენების გამომუშავებისთვის საჭირო გენები შუა დევონურ პერიოდამდე გაცილებით ადრეც ჰქონდათ.

მკვლევრები ასევე აღნიშნავენ, რომ მარცვლების ზომა დამახასიათებელია პალეოზოური პერიოდის ქარვისთვის, რომელიც მოიცავს შუა დევონურ პერიოდსაც, მაგრამ მიდის უფრო წარსულში, 540 მილიონ წლამდე პერიოდში.

შესაბამისად, შესაძლებელია, რომ უკვე ამოთხრილი გვაქვს სხვა უძველესი ქარვებიც, მაგრამ მათი გამოვლენისთვის შესაფერისი ტექნოლოგია და ტესტებია საჭირო.

კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.

მსგავსი