ქართული ხელბურთის ლეგენდა იმედო ფხაკაძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. მის სახელსა და გვარს ბევრი გამარჯვება უკავშირდება, საბოლოოდ კი ის უკურნებელ სენთან დამარცხდა.
ბოლოს იმედო ფხაკაძე სპორტული თოქ შოუ „ესტაფეტა“-ს სტუმარი 2021 წლის 29 იანვარს იყო და შეიძლება ითქვას ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გახლავთ:
„მეშვიდე კლასში ვიყავი, როდესაც ჭიდაობაზე სიარული დავიწყე. ჩემი სკოლის ბევრი მოსწავლე იყო მოჭიდავე, ფიზკულტურის მასწავლებელიც მოჭიდავე გვყავდა და რაც იყო მთავარი ფაქტორი, რომ მეც სპორტის ეს სახეობა ამერჩია. იმ პერიოდში ახალი შემოსული იყო ხელბურთი და ჩემი სკოლის ერთ-ერთი კლასის ბიჭები ხელბურთს თამაშობდნენ. ერთხელ მითხრეს, შენ სპორტული აღნაგობის ხარ თბილისის პირველობა ტარდება, ჩვენი გუნდის წევრი გახდი და იქნებ ჩვენმა სკოლამ მოიგოსო. მართლაც წავედი, მოვსინჯე ძალები და მომეწონა, რომ ეს იყო გუნდური სახეობა. შემდეგაც, მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში მერჩივნა ყოველთვის გუნდური თამაში. მოგვიანებით, მოხდა ისე, რომ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამოვედით, იქ მართალია მეოთხე ადგილი ავიღეთ. მე გავხდი ბომბარდირი. შეჯიბრის მთავარი მსაჯი იყო გიორგი შარაშიძე და მითხრა, „მოდი შენ „ბურევესტნიკში“- ო. ეს მოხდა 1961-ში და იმ წლიდან უკვე „ბურევესტნიკი“-ს წევრი ვიყავი.
– 1962 წელს ჩატარდა საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი. არავინ ელოდა, მაგრამ ჩვენ ჩემპიონობა ვიზეიმეთ. ჭიდაობაში ყველაფერი ჩემზე იყო დამოკიდებული, მაგრამ აქ ჩემზეც იყო ყველაფერი დაფუძნებული და ჩემს პარტნიორებზეც. ეს გუნდურობა მომეწონა. მოგვიანებით როგორც გაირკვა, ბუნებით მე გუნდურის განსხვავებული მოთამაშე ვიყავი. არ ვიცი ასეთ წარმატებას ჭიდაობაში მივაღწევდი თუ არა. სპორტი იღბალიც არის, შეიძლება ამ იღბლიანობით ხალიჩაზეც რაღაცისთვის მიმეღწია, მაგრამ იმ წარმატებას ,რაც ხელბურთში მქონდა ალბათ ვერასდროს ვიზეიმებდი. ათი წელი ვთამაშობდი საბჭოთა კავშირის ნაკრებში, ათი წელი ჭიდაობაში იყო ლიდერი, ეს ბევრად რთულია.
– პირველი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ საოცარი წარმატებები გვქონდა. სპორტის სასახლე ახალი გახსნილი იყო. მაშინ გამოდიოდა ლეგენდარული მოთამაშე ჯემალ ცერცვაძე და სპორტის სასახლეში ათი ათასი მაყურებელი ცერცვაძის პენალტებს მოჰყავდა.
– იმ დროს საქართველოში იმდენად პოპულარული იყო ხელბურთი, რომ 1961 წელს სპორტის სასახლე ხელბურთელთა შეხვედრით გაიხსნა და უნგრეთთან ჩატარებული მატჩით ჩვენი პოპულარობაც დაიწყო. ერთხელ დასწრების სარეკორდო ციფრიც კი დასახელდა. ევროპის ჩემპიონთა თასზე ვთამაშობდით. ზაგრების „მედვეშაკი“ იყო ჩვენი მეტოქე და თამაშზე 10 000 ნაცვლად 16 000 მაყურებელი მოვიდა. ამ დროს კალათბურთიც ძალიან პოპულარული იყო, ძალიან ბევრი ხალხი დადიოდა მატჩებზე, მაგრამ გამოვიდა ისე, რომ რეკორდი მაინც ჩვენ მოვხსენით. ამ საერთაშორისო შეხვედრებით იმხელა გამოცდილება მივიღეთ, რომ როდესაც პირველად საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე გამოვედით, სულ სხვა ხელბურთი ვითამაშეთ და ეს ჩვენს ნიჭიერებასთანაც იყო თანხვედრაში.
– 1959 წელს საქართველოში ხელბურთი დაიწყო თერთმეტი თერთმეტზე. მე მაშინ არ ვთამაშობდი ამ გუნდში, მაგრამ უკვე შვიდი შვიდზე ჩემპიონატი ჩატარდა 1962 წელს და ჩვენ პირველობა ვიზეიმეთ. ამის შემდეგ ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ ორჯერ ჩემპიონობა მოვიპოვეთ, სამჯერ მეორე და ერთხელაც მესამე ადგილზე გავედით. 1967 წელს დამთავრდა ჩვენი ტრიუმფი და ამ წარუმატებლობის მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ ვიყავით 12-14 კაცი და უკან შევსება არ მოდიოდა. როდესაც წაგებები დაიწყო, სახლში მოსვლის მეშინოდა. მამაჩემი ერთი უბრალო კაცი იყო და როდესაც შინ დამარცხებული ვბრუნდებოდი, მეტყოდა ხოლმე – „ბიჭო, თქვენ შვიდმა ქართველმა შვიდ რუსთან როგორ წააგეთო“ დღეს ჩემდა სამწუხაროდ, ეს პატრიოტიზმი აღარ არის და თუ გვინდა წარმატება, ამ მხრივ ყველა გუნდში ძალიან ბევრი სამუშაოა საჭირო“.
იმედო ფხაკაძემ საბჭოთა კავშირის მაისურით 68 მატჩი ითამაშა და 193 გოლი გაიტანა.
„როდესაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონები გავხდით, მე 19 წლის ვიყავი და მაშინვე ამიყვანეს ახალგაზრდულ ნაკრებში. აპრილის თვე იდგა მაშინ და უკვე წლის ბოლოს ძირითადი გუნდის წევრი ვიყავი. მე ორ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშე – ეს იყო 1967 შვედეთში და 1970 წელს საფრანგეთში. იმ პერიოდში ჩვენი გამოსვლა წარმატებული არ იყო. ისე კი გეტყვით, საბჭოთა გუნდის ტრიუმფი 1976 წლიდან დაიწყო, როდესაც ნაკრები ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და ჩვენგან გუნდში ალექსანდრე ანპილოგოვი თამაშობდა.
– ალექსანდრე ანპილოგოვი სწორედ იმედო ფხაკაძის დაჟინებული თხოვნით წავიდა ლესელიძეში წინა საოლიმპიადო შეკრებაზე და მაშინ ერთ-ერთი ვარჯიშის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა გივი კარტოზიამ უთხრა- „იმედო, შენ ამ ბიჭს ან ჩემპიონს გახდი, ან მოკლავო“.
– იმ დროს ალექსანდრე ანპილოგოვს აწუხებდა მენისკი და ოპერაცია ჰქონდა გასაკეთებელი. ლესელიძეში, რომ ჩავედით, ერთ თვეში გუნდი უნდა წასულიყო სირიაში. იმ დროს ნებისმიერი სპორტსმენისთვის უცხოეთში წასვლა დიდი სტიმული იყო. მაშინ ვუთხარი: „საშა, ახლა შენ წახვალ თბილისში, ნახავ ჯანო ბაგრატიონს, გაიკეთებ ოპერაციას და პირობას გაძლევ, ორი ყავარჯნით, რომ იყო, მაინც წაგიყვან სირიაშიო. ჩამოვედი თბილისში და რას ვხედავ – ანპილოგოვს ოპერაცია არ აქვს გაკეთებული, არადა სირიაში წასვლამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი… დავსაჯე და არ წავიყვანე. იმიტომ, რომ მწვრთნელი რასაც დაპირდები, სპორტსმენს ის უნდა შეუსრულო. მან კი შეთანხმება არ უნდა დაარღვიოს. ოპერაცია გაიკეთა და ინდივიდუალურად ვარჯიში დავიწყეთ. სხვები, რომ ისვენებდნენ, ჩვენ ვმუშაობდით. იმ პერიოდში დიდი ომი მქონდა საბჭოთა კავშირის ნაკრების ხელმძღვანელებთან, რომ ანპილოგოვი გუნდში დაებრუნებინათ და აი, სწორედ მაშინ იყო გივი კარტოზიამ ეს ფრაზა, რომ მითხრა. წავიდა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
მწვრთნელი – იმედო ფხაკაძე.
– ჩემს ცხოვრებაში ეს ეტაპიც ასე ბუნებრივად მოვიდა… მაშინ, როდესაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე, სპორტული კარიერაც დასრულდა და ერთი წელი ფიზკულტურის კომიტეტში სახელმწიფო მწვრთნელად ვმუშაობდი. მაშინ ჯანო ბაგრატიონი იყო მწვრთნელი. ჯანოს კათედრის გამგეობა შესთავაზეს, იქ კი ძველი მოთამაშეებიდან დავრჩით მე და ჯემალ ცერცვაძე – ან ერთი უნდა გავმხდარიყავით მწვრთნელი, ან მეორე. ამ დროს განათლების სამინისტრომ გლდანში გახსნა სპორტული სკოლა, რომელიც დღეს ჯემალ ცერცვაძის სახელობის არის და მოხდა ისე, რომ ჯემალი წავიდა სკოლაში და მე წავედი მწვრთნელად. გამიმართლა – ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ გამომივიდა.
იმედო ფხაკაძე – იორდანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
– საბჭოთა კავშირის წარმატებულ მწვრთნელებს მაშინ წახალისების მიზნით საზღვარგარეთ აგზავნიდნენ. მე მომიწია იორდანიაში წასვლა, ჩავედი და როდესაც რამდენიმე ვარჯიში ჩავატარე, ძალიან კმაყოფილები იყვნენ. მითხრეს, რომ სამ თვეში არაბული თამაშები გვაქვს და იქნებ დარჩე ჩვენს ხელმძღვანელადო, მაშინ აქ ვიყავი მოქმედი მწვრთნელი და უარი ვთქვი, ეს როგორ იქნება-თქო. დამიძახა იორდანიაში საბჭოთა კავშირის ელჩმა და მითხრა – ჩვენ ამ ქვეყანასთან ძალიან კარგი ურთიერთობები გვაქვს და მე მოვაგვარებ ამ საკითხს, დარჩიო. ტრაბახით არ ვამბობ, მაგრამ ამ სამ თვეში ბიჭებიც ამყვნენ, თავდაუზოგავად ვივარჯიშეთ და მოხდა ისე, რომ ისტორიაში პირველად იორდანია ამ თამაშებზე მესამე ადგილზე გავიდა, გაგიჟებულები იყვნენ. შემდეგ რამდენიმე წლით დარჩენა შემომთავაზეს, მაგრამ მე უარი არ ვთქვი და წამოვედი.
-მე ნახალოვკელი ვიყავი, ცერცვაძე და ექსეულიძე – პლეხანოველები, კოპალეიშვილი, მაჭავარიანი – მთაწმინდელები, ანთაძე, ბაგრატიონი – ვერელები და მოკლედ, რომ ვთქვა, მაშინ სპორტის სასახლეში მთელი თბილისი იკრიბებოდა.
-დღეს ქალთა ხელბურთი საოცარი პოპულარობით სარგებლობს ევროპაში და ძალიან მინდა, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს. საოცრად ნიჭიერი გოგონები გვყავს და დღეს ეს არის ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რომ საქართველოში ქალთა ხელბურთი განვითარდეს და წინ წავიდეს.
– 60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც პირველად ჩემპიონობა ვიზეიმეთ და დღეს მე მინდა ვთხოვო ყველას, როდესაც იქნება თამაშები აუცილებლად მოვიდეს გულშემატკივარი. იცოდეთ. როდესაც ქომაგი მოდის, ყოველთვის სხვა შემართებით თამაშობენ და ეს შემართება ჩემპიონობის საწინდარია“.
იმედო ფხაკაძე – დაიბადა 1942 წლის 20 ნოემბერს. თამაშობდა თბილისის „ბურევესტნიკში“ (1962-1974). იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი (1963-1971). საბჭოთა კავშირის ორგზის ჩემპიონი (1962, 1964), ვერცხლის (1965,1966,1967) და ბრინჯაოს პრიზიორი(1963). მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე (1967,1970). მსოფლიოს სტუდენტური თამაშების ჩემპიონი (1968). საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 68 მატჩი და გაიტანა 193 გოლი.
იყო „ბურევესტნიკი“-ს მთავარი მწვრთნელი (1974-1978). მისი აღზრდილია ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრე ანპილოგოვი. წვრთნიდა იორდანიის ნაკრებს (1976), 2008 წელს კი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა.