ქარბუქმა და დიდთოვლობამ აშშ-ში პრობლემები შექმნა [ვიდეო]

ქარბუქისა და დიდთოვლობის გამო, აშშ-ში 850 ათასზე მეტი ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უამინდობას სულ მცირე ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

როგორც აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური იუწყება, სტიქია აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს დაატყდა თავს. ვაშინგტონში 23 სანტიმეტრამდე ნალექი მოვიდა.

გაუქმდა ან გადაიდო ათასობით ავიარეისი. ვაშინგტონში შეფერხებით მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ფედერალური უწყებები.

სტიქიამ დააზარალა ასევე ვირჯინიის, მერილენდის, ნიუ ჯერსისა და ჩრდილოეთ კაროლინის მცხოვრებლები.

დიდთოვლობამ პრობლემები შეუქმნა აშშ-ის პრეზიდენტსაც, რომელიც თვითმფრინავით ბრუნდებოდა დელავერიდან, სადაც უქმე დღეები გაატარა. ნალექის გამო, მან ნახევარი საათი ვერ მოახერხა ბორტი ნომერი ერთიდან ჩამოსვლა. შემდეგ კი, მან უარი თქვა თეთრ სახლში ვერტმფრენით დაბრუნებაზე და რეზიდენციაში ავტომობილით მივიდა.