ქალთა საფეხბურთო გუნდ „ლანჩხუთს“ საპატიო სტუმრები ეწვივნენ – ნორვეგიის ელჩი, ჰელენ სანდ ანდრესენი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი კაორი იშიკავა.
ეს ქალთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრამდე მოხდა. შეგახსენებთ, რომ „ლანჩხუთი“ საქართველოს ქალთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული და მიმდინარე სეზონის ლიდერია „სამეგრელოსთან“ და სოხუმის „დინამოსთან“ ერთად.
2021 წლის ქალთა ეროვნული ჩემპიონატის სეზონი „ლანჩხუთმა“ წაუგებლად განვლო და ჩემპიონობა იზეიმა. ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ 2016 წელს შეიქმნა და ორჯერ გახდა ჩემპიონი, ერთხელ თასს დაეუფლა.
2020 წელს პირველი ქართული ქალთა საფეხბურთო კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ორი ეტაპი გადალახა და ფინალურ ეტაპზე იასპარეზა. საბოლოოდ, გუნდი ევროპის 32 საუკეთესო გუნდს შორის მოხვდა – ეს ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის გათამაშებაში მოხდა.
საპატიო სტუმტრები ასევე ესტუმრნენ დურმიშხან ჩხაიძეს, რომელიც გუნდის დამფუძნებელი და ქალთა ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი იყო.
ქვეყნის ჩემპიონს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე ავარჯიშებს და „ჯვაროსნების“ საბაზო გუნდია. 2022 წელს, ევროპაში საქართველოს ისევ „ლანჩხუთი“ წარმოადგენს.