ქალთა ნაკრები იტალიასთან მინიმალური ანგარიშით დამარცხდა | ევრო 2021 [ფოტო]
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს, იტალიას დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით დამარცხდა.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ლევან ბაჯელიძის გუნდს ტრავმების გამო ლიდერები, გულნარა გაბელია და ტატა მატვეევა ვერ ეხმარებოდნენ.
სტუმრები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მხოლოდ ერთი გოლის გატანა მოახერხეს: ეს საქართველოს ნაკრებში უდავოდ საუკეთესოს, მეკარე თათია გაბუნიას დამსახურებაა, რომელმაც გუნდი არაერთხელ იხსნა.
იტალიელებმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნეს – ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდის თავდამსხმელის, კრისტიანა ჟირელის დარტყმული პენალტი გაბუნიამ მოიგერია, მაგრამ დამატებაზე სტუმართა შემტევმა მაინც გაიტანა. საბოლოოდ, შეხვედრა ასეც დასრულდა – 0:1 იტალიის სასარგებლოდ.
შეგახსენებთ, რომ ევრო 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრას საქართველოს ქალთა ნაკრები 8 ოქტომბერს თბილისში გამართავს – ლევან ბაჯელიძის გაწვრთნილები ჯგუფის ლიდერს, დანიას დაუპირისპირდებიან.