უკრაინასთან მოვიგეთ - საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2021-ზე მე-11 ადგილი დაიკავა #1TVSPORT
უკრაინასთან მოვიგეთ - საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2021-ზე მე-11 ადგილი დაიკავა #1TVSPORT

საქართველოს ამპუტანტ ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა დაასრულა. პოლონეთის ქალაქ კრაკოვში ამპუტანტ ფეხბურთელთა შორის ევრო2021-ზე გამართული ხუთი მატჩიდან ჩვენმა გუნდმა ორი მოიგო და გათამაშება მე-11 ადგილზე დაასრულა.

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატი პოლონეთში 12-დან 19 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა თურქეთისა და იტალიის ნაკრებებთან ერთად, „დ“ ჯგუფში დაიწყო. კონტინენტის პირველობის გამარჯვებული თურქეთის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ესპანეთი 6:0 დაამარცხა.

ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ ჩვენმა გუნდმა ბრძოლა 9-14 ადგილებისთვის გააგრძელა. პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები ბელგიას დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით – 8:0 დაამარცხა. შემდეგი მატჩი გერმანიის წინააღმდეგ მინიმალური სხვაობით 1:2 წააგო.

ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში საქართველოს ნაკრები უკრაინას შეხვდა. მატჩის ძირითადი დრო გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი, უკეთესად ჩვენმა გუნდმა შეასრულა და მეტოქე ანგარიშით – 3:1 დაამარცხა.