17-წლამდელმა გოგონებმა ამხანაგური მატჩი მოიგეს
17-წლამდელმა გოგონებმა ამხანაგური მატჩი მოიგეს

საქართველოს 17-წლამდე ქალთა ნაკრებმა აზერბაიჯანელთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა და ანგარიშით 2:0 მოიგო.

გოლები მეორე ტაიმში გავიდა. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ „ბასაზე“ გამართულ მატჩში ჩვენი გუნდი 65-ე წუთზე კაპიტანმა ნათელა წოწერიამ დააწინაურა – 1:0. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მეორე გოლი შეცვლაზე შესულმა ანი ძოძუამ გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

თამაში ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან ბაჯელიძემ შეაფასა.

„ეს პირველი თამაშისგან განსხვავებული მატჩი იყო. გოგონები უკეთესად მოძრაობდნენ და დავალებები კარგად შეასრულეს, რაც შედეგზეც აისახა. მართალია, ამხანაგური შეხვედრა მოვიგეთ, მაგრამ ელიტრაუნდამდე ეს გუნდს ფსიქოლოგიურად ძალიან წაადგება“, – აღნიშნა ლევან ბაჯელიძემ.

მან ელიტრაუნდისთვის მზადება შეაფასა, რომელიც გუნდმა 15 თებერვალს დაიწყო.

„შეკრებამ ნაყოფიერად ჩაიარა. ამ პერიოდში ოთხი ძალიან სასარგებლო ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ – ბელარუსთან და აზერბაიჯანთან და სამში გავიმარჯვეთ. 21 მარტს კი ინგლისთან ელიტრაუნდის პირველი ოფიციალური თამაში გველის და ზოგადად, საკმაოდ ძლიერ გუნდებს ხვდებით. ამ მომენტისთვის, გუნდი კარგ კონდიციაშია. დანარჩენი თამაშებში გამოჩნდება“, – განაცხადა ლევან ბაჯელიძემ.