ქალთა კლუბი „ლანჩხუთი“, რომელიც საქართველოს ჩემპიონი რაგბშიც გახდა, დაფინანსების გაზრდას ითხოვს
ქალთა კლუბი „ლანჩხუთი“, რომელიც საქართველოს ჩემპიონი რაგბშიც გახდა, დაფინანსების გაზრდას ითხოვს

„გამომდინარე იქიდან, რომ კლუბის მიმართ ბოლო პერიოდში ინტერესი და ყურადღება გაიზარდა, გადავწყვიტეთ ვუპასუხოთ იმ შეკითხვებს, რაც ყველაზე მეტად აინტერესებს ჩვენს გულშემატკივარს“, – წერია ქალთა საფეხბურთო კლუბის „ლანჩხუთის“ ოფიციალურ გვერდზე.

 

კლუბის სახელი

გულშემატკივრებისთვის ხშირად გაუგებარია ჩვენი კლუბის სახელი და მას როგორც ლანჩხუთის „გურიას“ ისე მოიხსენიებენ. გვინდა განვმარტოთ, რომ არანაირი შეხება და კავშირი ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთს” საფეხბურთო კლუბ „გურიასთან” არ აქვს და არც არასოდეს ჰქონია. ერთადერთი საერთო ფეხბურთის და ჩვენი რეგიონის სიყვარულია. თუმცა რადგანაც არც ეს „გურიაა“ იმ დიდი გუნდის სამართალმემკვიდრე და ჩვენ მითუმეტეს, ამიტომ ვთვლით, რომ გულშემატკივარს აქვს სრული უფლება ლანჩხუთის სახელით მოასპარეზე ყველა საფეხბურთო გუნდი გაამხნევოს „გურიას“ შეძახილებით“.

 

როდის დაარსდა კლუბი?

კლუბის ისტორია ათვლას იწყებს 2008 წლიდან, როდესაც საფეხბურთო სკოლაში გოგონათა საპილოტე სექცია გაიხსნა. 2014 წლიდან ჩამოყალიბდა გოგონათა ექსპერიმენტული საფეხბურთო-სარაგბო სკოლა, რომელიც 2018 წელს ლანჩხუთის მერის გადაწყვეტილებით გაუქმდა და გაერთიანდა სხვა სპორტული სახეობების სექციებთან. თუმცა გაუქმებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ საკრებულომ გაითვალისწინა კლუბის არგუმენტები და ჩათვალა, რომ ეს ორგანიზაცია დამოუკიდებელ ერთეულად არსებობას იმსახურებდა. ასე დაფუძნდა ცალკე იურიდიული პირი ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთის „ლანჩხუთი“.

 

რა მიღწევები აქვს კლუბს?

საქართველოში რეგულარული ჩემპიონატი ქალთა შორის 2016 წლიდან ტარდება, კლუბს შემდეგი შედეგები ჰქონდა გასულ სეზონებში:

2016 – მეოთხე ადგილი

2017 – მესამე ადგილი

2018 – ვიცე ჩემპიონი

2019 – ჩემპიონი და თასის მფლობელი

2020 – ვიცე ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის მეთექვსმეტედფინალი

გარდა ამისა, კლუბს ეკუთვნის ერთი უნიკალური მიღწევა – იყო საქართველოს ჩემპიონი რაგბში.

 

რამდენად შეეფერება სიმართლეს გავრცელებული ინფორმაცია სახელფასო დავალიანების და პირობების შესახებ?

ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება დაიფარა 19 ნოემბერს რუმინეთის კლუჟთან მატჩის წინ კლუბის მიერ აღებული სესხით. მატჩის წინ რამდენიმე ფეხბურთელს ნამდვილად ჰქონდა სათამაშო ბუცების პრობლემა, თუმცა ეს პრობლემა ასევე მატჩამდე კერძო პირების დახმარებით მოგვარდა. მედიაში გავრცელებული სიუჟეტით და გაჟღერებული ინფორმაციით გოგონები ცდილობდნენ კლუბის ხელმძღვანელობის დახმარებას.

 

ვინ აფინანსებს კლუბს და რატომ დადგა კლუბი ფინანსური სირთულეების წინაშე?

გუნდს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი აფინანსებს. 2019 წლის ნოემბერში კლუბმა მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას 2020 წლის სეზონისთვის საჭირო ბიუჯეტის პროექტი წარუდგინა – 245,200 ლარის ოდენობით, საბოლოო ჯამში დამტკიცდა მხოლოდ 130,000 ლარის ოდენობის ბიუჯეტი.

უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს საკითხი, კლუბმა მხოლოდ ფეხბურთელებზე და მწვრთნელებზე (17 ფეხბურთელი 2 მწვრთნელი) გასცა ოქტომბრის ხელფასი 13,414 ლარის ოდენობით (აქედან 2,577 ლარი საშემოსავლო გადასახადი და 522 ლარი დაგროვებითი პენსიის თანხაა). მარტივი გამრავლებით ცხადია, რომ დამტკიცებული ბიუჯეტი ვერანაირად ვერ იქნებოდა მთელი წლისთვის საკმარისი. დადგა ასეთი არჩევანი – შეეწყვიტა კლუბს ასპარეზობა თუ გაეგრძელებინა. გადაწყვეტილება და შედეგი ყველამ იხილეთ.

 

რატომ არ აფინანსებს ფეხბურთის ფედერაცია კლუბს?

ფეხბურთის ფედერაცია არის მარეგულირებელი ორგანო და მის ფუნქციებში კლუბების დაფინანსება არ შედის. ფედერაცია კლუბებს ფეხბურთის განვითარების პროგრამებიდან გამომდინარე აფინანსებს, მაგალითად უეფა-სთან თანამშრომლობით.

ამ თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ქალთა ჩემპიონატში მონაწილე ყველა კლუბს უფინანსდება სათამაშო ფორმები, გასვლით თამაშებზე ტრანსპორტირება, სასწრაფო – სამედიცინო მომსახურება საშინაო მატჩების დროს.

 

გაუმჯობესდა თუ არა კლუბის მდგომარეობა ამ წარმატების შემდეგ?

კლუბისთვის დამატებითი ეკიპირება შეიძინა ჯანო ანანიძემ, თბილი სპორტული ქურთუკების და ზამთრის პირობებში სათამაშო აღჭურვილობის შესყიდვა დავით ვეფხვაძის ინიციატივით კერძო პირების ჯგუფმა უზრუნველყო. ასევე კლუბს გააჩნდა სავალდებულო PCR ტესტირების დავალიანება 5.780 ლარის ოდენობით, რომელიც ბიზნესლიდერთა ფედერაციამ, „ქალები მომავლისთვის“ დაფარა. ასევე საბონუსე ფონდი 5,000 ლარით განსაზღვრა ქალბატონმა ნინო წილოსანმა, წინასწარი ინფორმაციით კლუბი ამ თანხას დეკემბერში მიიღებს.

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია

ფეხბურთის ფედერაციამ კლუბისთვის გამოყოფილი თანხა 50,000 ლარამდე გაზარდა, აქედან 30,000 განკუთვნილია ბონუსებისთვის, ხოლო 20,000 – კლუბის განვითარებისთვის. კლუბი ამ თანხას წლის ბოლომდე დეკემბერში მიიღებს. გარდა ამისა ფედერაცია საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფს 2 დეკემბრიდან ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრში შეკრების ჩატარებას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია კლუბის სათანადო მომზადებისთვის.

 

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი

20 ნოემბერს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2021 წლის ბიუჯეტის ფორმირებასთან დაკავშირებით გამოითქვა რეკომენდაცია, რომ კლუბის დაფინანსება გაიზარდოს 50,000 ლარით. თუმცა 24 ნოემბერს, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიამ არ გაითვალისწინა რეკომენდაცია და 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის შემდეგ თანხა 20,000 ლარამდე შეამცირა.

25 ნოემბერს საკრებულომ 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი მერიას შენიშვნებით დაუბრუნა, მათ შორის: „ქალთა საფეხბურთო კლუბისთვის ბიუჯეტის გაზრდა შესაძლებლობის ფარგლებში და გამარჯვებულ ქალთა კლუბისთვის 5,000 ლარის დამატება“.