ესპანეთის თასის მეოთხედფინალურ მატჩს ბილბაოს ატლეტიკისა და მადრიდის ატლეტიკოს ქალთა გუნდებს შორის 48 121 ადამიანი დაესწრო, იტყობინება სააგენტო ასოშეიტედ პრესი (AP).
თამაში ქალაქ ბილბაოში, სტადიონ სან-მამესზე გაიმართა. ეს სარეკორდო მაჩვენებელია ესპანეთის ქალთა ფეხბურთში და ერთ-ერთი საუკეთესო ქალთა ფეხბურთის ისტორიაში. ბილბაოს ატლეტიკის მამაკაცების გუნდის მონაწილეობით მატჩებზე დასწრების რეკორდული რაოდენობა მიმდინარე სეზონში 46 860 ადამიანია.
აღსანიშნავია, რომ ბილბაოელ ქალებს ასეთი დონის გულშემატკივრობამაც არ უშველა. ბასკური გუნდი ანგარიშით 0:2 დამარცხდა. ქალთა ფეხბურთის ისტორიაში ერთ მატჩზე ყველაზე მეტი მაყურებელი 1999 წელს დაესწრო: ამერიკისა და ჩინეთის ნაკრებების მატჩს, რომელიც როუზ-ბოულის სტადიონზე გაიმართა, 90 185 ადამიანი ადევნებდა თვალყურს.