პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხვალ გაგრძელდება
პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხვალ გაგრძელდება

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში ხვალ გაგრძელდება.

ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები დეპუტატებს დღეს ირაკლი კობახიძემ გააცნო, რომელმაც პარლამენტის წევრების კითხვებსაც უპასუხა.

უმრავლესობის ინიციატივას მხარს არ უჭერს რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი, მათ შორის დიმიტრი ხუნდაძე და ირაკლი შიოლაშვილი.

როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კითხვები აქვს. მან არ გამორიცხა, რომ თუ კითხვებზე პასუხს ვერ მიიღებს, უმრავლესობა დატოვოს.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი შიოლაშვილმა აღნიშნა, რომ მხარს არ უჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მზად არის, საკითხის სანაცვლოდ დატოვოს არა მხოლოდ უმრავლესობა, არამედ მანდატიც.

ამასთან, არ არის გამორიცხული, რომ ხვალ სესიის დაწყებამდე უმრავლესობის სხდომაც გაიმართოს.

პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პლენარულ სესიაზე დღეს დაიწყო. მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგში ორი პროექტი იყო. ერთი მმართველი გუნდის, ხოლო მეორე ოპოზიციის მიერ მომზადებული.  ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტით გათვალისწინებული იყო არჩევნების ჩატარება სამპროცენტიანი ბარიერის პირობებში, ასევე დაშვებული იყო საარჩევნო ბლოკებად გაერთიანება. უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები კი, 2020 საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის თანახმად, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, პარტიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. ცვლილებების მიხედვით, არჩევნები ნულოვანი, ე.წ. ბუნებრივი ბარიერის პირობებში ჩატარდება.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი დღეს პარლამენტში  კენჭისყრაზე ჩავარდა.