პროკურორი - მამუკა ხაზარაძეს წერილზე გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებებს მოვთხოვთ
პროკურორი - მამუკა ხაზარაძეს წერილზე გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებებს მოვთხოვთ

პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია, თითქოს „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მუქარის წერილი შს მინისტრისგან მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება.

მისი თქმით, დღევანდელი დაკითხვის ფარგლებში, მამუკა ხაზარაძეს წერილზე გაკეთებულ განცხადებებზე განმარტებებს მოსთხოვენ.

„გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მამუკა ხაზარაძემ გამოკითხვისას გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მუქარის წერილი შს მინისტრისგან მიიღო, არ შეესაბამება სინამდვილეს. ასეთი განმარტება არ გაუკეთებია გამოკითხვისას, მხოლოდ ისაუბრა იმის შესახებ რომ მან მიიღო წერილი ეროვნული ბანკისგან, სადაც მითითებული იყო მისი და ბადრი ჯაფარიძის თანამდებობების შესაძლო დატოვების შესახებ.

დღევანდელი დაკითხვის ფარგლებში მამუკა ხაზარაძეს მოვთხოვთ განმარტებებს, რაც თქვა საპარლამენტო კომიტეტზე, რომ მიიღო წერილი შს მინისტრისგან. მოვთხოვთ აღნიშნული წერილისა და ამ ინფორმაციის დამადასტურებელ დოკუმენტებს. ჩვენ აღნიშნული განცხადების ფარგლებში გაგვიჩნდა დამატებითი შეკითხვები მამუკა ხაზარაძის მიმართ“, – განაცხადა პროკურორმა.

მამუკა ხაზარაძემ სასამართლოში გამოკითხვამდე განაცხადა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას წერილს საქალაქო სასამართლოში წარადგენს.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გამოკითხვა საქალაქო სასამართლოში პროკურატურის შუამდგომლობით შედგება და ხაზარაძის განცხადებას უკავშირდება, რომელიც მაშინ მუქარის წერილთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გააკეთა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან მიიღო მუქარის წერილი, სადაც მათი რეპუტაციის დანგრევაზე იყო საუბარი. მისივე თქმით, წერილი შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.