პროკურორი - დავით ფურცხვანიძის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ფოტოები გადასცა პირმა, რომელიც ცხოვრებაში ნანახი არ ჰყავს და ვერც უკავშირდება, რადგან ტელეფონი ერთი კვირის წინ დაუზიანდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავით ფურცხვანიძის გამოკითხვა დასრულდა. ის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატ მიხეილ რამიშვილის მიერ გამოქვეყნებული სატელიტური ფოტომასალის შესახებ გამოიკითხა.
საქმის პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ დავით ფურცხვანიძე ფოტოების მისთვის გადამცემ პირად ასახელებს ისეთ ადამიანს, რომელიც პირადად არ უნახავს.
„დავით ფურცხვანიძის დაკითხვა დასრულდა. იქიდან გამომდინარე, რომ 22:00 საათი შესრულდა, ამ დროში ჩავეტიეთ და ამ პირის მიმართ რამდენიმე დამაზუსტებელი კითხვა დარჩა, თუმცა უმჯობესი იქნება გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება.
რაც შეეხება პირველ რიგში, ფოტოსურათებს, რაც გავრცელდა – ფაქტი დადასტურდა, რომ ამ პირმა ფოტოსურათები ადვოკატ მიხეილ რამიშვილს მისცა. მას კონკრეტული წყაროს დასახელება მოვთხოვეთ, თუმცა დაგვისახელა პირი, რომელიც პირადად არასოდეს არ ჰყავს ნანახი და ამბობს, რომ ამ პირთან კავშირი სოციალურ ქსელში ჰქონდა, თუმცა სხვა მაიდენტიფიცირებული მონაცემები გამოძიებას ვერ დაუსახელა. თქვა, რომ ეს შესაძლებელია, ტელეფონში ჰქონდეს, მაგრამ რატომღაც, ტელეფონი ერთი კვირის წინ დაუზიანდა და ინფორმაციას იქაც ვერ მოიძიებს – ეს წყაროს საკითხი.
გადავიდეთ, მეორე მოცემულობაზე, რაც იყო იარაღით ვაჭრობის საკითხი. ფურცხვანიძემ ის ფაქტი დაადასტურა, რომ აგვისტოს ბოლო პერიოდში, მის მიერ ჩატარებული კვლევები გადაუგზავნა თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს, რაზეც ამ ქალბატონმა 30 აგვისტოს განცხადება გააკეთა, რომ მისი შვილის გარდაცვალება უკავშირდებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობას.
რაც შეეხება ყარაბაღის ხსენებას, ფურცხვანიძემ განმარტა, რომ კონკრეტულად, ყარაბაღში იარაღით უკანონო ვაჭრობა არ უხსენებია და როგორც იცის, თეონა თამაზაშვილს ეს ინფორმაცია „ფორმულას“ ჟურნალისტმა, დავით ქაშიაშვილმა მიაწოდა. თავად დაადასტურა ის ფაქტი, რომ კვლევა ჩატარდა, რაც თეონა თამაზაშვილს აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნა, უკავშირდებოდა სამხრეთ კავკასიაში სპეცსამსახურების ომს იარაღთან დაკავშირებით და ეს შეეხებოდა კონკრეტულად იარაღით, უკანონოდ ვაჭრობის შედეგად ფულის გათეთრების სქემას, სადაც ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილი. ფურცხვანიძეს ასეთი კვლევა აქვს ჩატარებული, რაც შეეხება ყარაბაღის ნაწილს. დაგვიდასტურა, რომ ეს ინფორმაცია ოჯახს დავით ქაშიაშვილმა მიაწოდა.
მოცემულობა შევაფასოთ – ადამიანს კონკრეტულ წყაროს ვთხოვთ, ასახელებს გარკვეულ პირებს, შემდეგ ჩამოდის ერთ პირზე, ისეთ ადამიანზე, რომელიც ცხოვრებაში ნანახი არასოდეს არ ჰყავს. გააჩნია მხოლოდ სოციალურ ქსელში კომუნიკაცია, თუმცა ამ კომუნიკაციის დამადასტურებლად რომ გაიხსენოს, ტელეფონი სჭირდება, თუმცა ტელეფონი ერთი კვირის წინ დაუზიანდა და ამიტომ, დაკავშირებას ვერ შეძლებს. ანუ, ამ ადამიანთან გასვლა კავშირზე როგორ შეიძლება გამოძიებამ მოვახერხოთ და დავით ფურცხვანიძე დაგვხმარებოდა, ეს საკითხი სრულად ამოწურა, რადგან არ შეუძლია, ტელეფონი დაზიანდა“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
პროკურორი აცხადებს, რომ დავით ფუცხვანიძის მიერ დასახელებული პირის რეალურობა ეჭვქვეშ დგას.
„ეს პიროვნება რამდენად რეალურია, ეჭვქვეშ დგას, რადგან არასოდეს ნანახი არ ჰყავს და სოციალურ ქსელში ნახსენები იყო „სკაიპი“ თუ სხვა ქსელები, რაღაც სახელები ჰქონდა, რითაც ერთმანეთთან კავშირი ჰქონდათ. რომ ვთქვათ, იდენტიფიცირება ამ ადამიანის ახლა ვერ ხერხდება, ეს ინფორმაცია ვინ გადმოუგზავნა.
როგორც თავად ამბობს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ატარებს გარკვეულ კვლევებს, ამ კვლევაში ჩართულია მისი რამდენიმე მეგობარი ექსპერტი, რომლებიც საზღვარგარეთ ცხოვრობენ, ერთი სამოქმედო სქემა აქვთ და ეს ადამიანები ამ ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარნენ, რაც უკავშირდებოდა იარაღით უკანონოდ ვაჭრობის ფაქტს.
თუმცა, რატომ სწავლობდა, რა ინფორმაციაზე დაყრდნობით სწავლობდა, იყო თუ არა რეალურად უკანონოდ ვაჭრობის ფაქტი, ამაზე პასუხი არ აქვს. ამბობს, რომ ზოგადად, კვლევას ატარებს. სხვა კვლევებში თანხა იღებდა, თუმცა ამ კონკრეტულ კვლევაში ენთუზიაზმის საფუძველზე მუშაობს.
როგორც თავად ამბობს, ვინც ფოტო მიაწოდა, შეიძლება ცხოვრობდეს ინგლისში, არის სლავური წარმოშობის, ეროვნება ზუსტად ვერც დაასახელა. როგორც განმარტა, კომუნიკაცია „სკაიპის“ საშუალებით შედგაო.
ვინ მიაწოდა ინფორმაცია, იმ პირის იდენტიფიცირებას არ ახდენს და ვერც გამოძიება ვერ მოახდენს, რადგან პირველ რიგში, უნდა იყოს კონკრეტული სახელი და გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია და ასევე ეს ადამიანი რა სფეროში საქმიანობს, საიდან მოიპოვა ეს ინფორმაცია“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
პროკურორი აღნიშნავს, რომ დღეს გამოძიებამ ვერ დაადგინა კონკრეტულად ის წყარო, საიდან მიიღო ფურცხვანიძემ ინფორმაცია, რადგან ის კითხვებს თავს არიდებდა.
„ამ ფაქტზე გამოძიება სრულყოფილად ჩატარდება, შესწავლილი იქნება, როგორც ფურცხვანიძის ქმედებები, ასევე სხვა დაინტერესებული პირების, ვინც ამ საქმეში ჩართულია. თემა – იარაღით ვაჭრობა, ფულის გათეთრება და ა.შ. და მასთან ბაჩალიაშვილის კავშირი, სხვადასხვა პირის მიერ არაერთხელ გავრცელდა და ჩვენს მიერ დეტალური შესწავლა მოხდება, რა როლი მიუძღვის ამ საკითხში დავით ფურცხვანიძეს“, – განაცხადა დავით გუმბერიძემ.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა. ამასთან დაკავშირებით, პროკურატურაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ფოტოები ყალბია, რასაც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება.