პროკურორი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს
პროკურორი აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს

პროკურორი დავით გუმბერიძე აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე თვითმკვლელობის მუხლის მკვლელობის მუხლზე გადაკვალიფიცირების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

როგორც დავით გუმბერიძემ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების საპასუხოდ, მათთვის დამატებითი მასალების გაცნობის შემდეგ აღნიშნა, ადვოკატების განცხადება, თითქოს მათ გრიფით საიდუმლო მასალები გააცნეს, რომელსაც გრიფი მოეხსნა, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„მასალებს, რომლებიც დღეს ადვოკატებს გააცნეს, გრიფი საიდუმლო არ ედო და ისინი ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არის მოპოვებული. ჩემი რჩევა იქნება, რომ ადვოკატები მეტად კვალიფიციურად გაეცნონ საქმის მასალებს, მის შინაარსს და ზედაპირული განცხადებებით ნუ გამოირჩევიან“, – განაცხადა გუმბერიძემ.

ამასთან, პროკურორის თქმით, რაც შეეხება საგამოძიებო მუხლის გადაკვალიფიცირებას, კვალიფიკაციის შეცვლას სჭირდება კონკრეტული საფუძველი და კონკრეტული მტკიცებულებები, რაც შესაძლოა, ადასტურებდეს სხვა დანაშაულის შესაძლებლობას.

„ამ მოცემულობით, საქმეზე არ არსებობს კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველი“, – განაცხადა გუმბერიძემ.

რაც შეეხება ადვოკატების კიდევ ერთ განცხადებას, რომ თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების მიზეზად დასახელებული მედიკამენტების შეძენა რეცეპტის გარეშე შეუძლებელი იყო, ხოლო საქმეში არ დევს მტკიცებულება, რომ ის მედიკამენტი ბაჩალიაშვილმა შეიძინა, დავით გუმბერიძე ადვოკატებს აქაც ურჩევს, რომ საქმის მასალებს დეტალურად გაეცნონ და შემდგომ გააკეთონ განცხადებები ამ ნაწილშიც.

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატები თბილისის პროკურატურაში საქმის მასალებს დღეს გაეცნენ.